საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაციას მართავს.
2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.
აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თითქმის 5 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არავითარი ნაბიჯები არ გადადგმულა. მან ასევე გაიხსენა ერთი წლის წინ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდებში მიღებული უარყოფითი შედეგები, რამდენიმე საგანში პედაგოგთა უმრავლესობამ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
შაშკინი აცხადებს, რომ წელიწადზე მეტია ვერ ხერხდება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცება. დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ ამ ყოველივეს ფონზე, შეუძლებელია მოლოდინი ყოფილიყო, მოსწავლეებში უკეთესი შედეგის დადებისა:
„სიტუაცი არის მძიმე, იმედია ეს შედეგებიც მე არ დამბრალდება, რადგან 5 წელია აღარ ვარ განათლების მინისტრი. დროა, რომ ამ ხელისუფლების მესვეურებმა პასუხისმგებლობა აიღონ. ეს შედეგი არის იმ შეცდომების გამო, რომლებიც დაშვებულია სისტემაში ბოლო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ რაც შევძელით, არის ის, რომ სისტემას მივეცით მდგრადობა, მაგრამ რკინაც ჟანგდება. ბუნებრივია, სისტემამაც ვერ გაუძლო იმ მავნებელი, უნიათო და აბსოლუტურად ზარმაცი ხელმძღვანელების მმართველობას.
ზუსტად ერთი წლის წინ იყო ჩატარებული პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები, მაშინ მინისტრი იყო სანიკიძე. ერთი წლის წინ ჩაიჭრა აბსოლუტური უმრავლესობა პედაგოგებისა, ქიმიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და ბიოლოგიაში. მაშინაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ეს არ არის პედაგოგების ბრალი, ეს არის განათლების სამინისტროს ბრალი, კონკრეტულად უწყებისა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ხელმძღვანელების ბრალი. იმ კატასტროფული შედეგების მიღების შედეგად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები? სისტემა არის აბსოლუტურად მოშლილი, მიწასთან გასწორებულია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, 23 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ დავუტოვეთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო აბსოლუტურად საკმარისი რომ სახელმწიფო დახმარებოდა პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ყველაფერი ვითარდება მსოფლიოში, მრავალი წინსვლაა მეცნიერების კუთხით, ჩვენი პედაგოგები ბუნებრივია ამ ინფორმაციას ვერ ფლობენ და სახელმწიფომ ეს პროგრამა ჩააგდო.
ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა იყო მასწავლებლების სახლის პროგრამა, რომელიც სანიკიძემ მრავალ ქალაქში შეაჩერა. დაწყებული პროექტები, ზოგ შემთხვევაში საძირკველი იყო ჩაყრილი, მშენებლობები გააჩერეს და ტქვეს, რომ არ მოსწონდათ ეს პროგრამა. 100 მილიონი ლარი 4 წელიწადში მათი თანამშრომლების მოგზაურობებში დაიხარჯა. ამ ფულს ხარჯავენ საკუთარ კომფორტზე. 5 წელი შესრულდება მალე, რაც არანაირი დახმარება პედაგოგებს არ მიუღიათ, ამის შემდეგ ვინმე ელოდა უკეთეს შედეგს მოსწავლეებისგან? ეს არის ნონსენსი. ბავშვს ასწავლის პედაგოგი და თუ პედაგოგი ვერ ლახავს ზღვარს, რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს მოლოდინი, რომ ბავშვს უკეთესი შედეგი ექნება?
არ შეიძლება საუბარი ვაშლებზე, კომბლეზე და ფიფქიაზე, როდესაც სწავლის პროცესი არის მოშლილი. განათლების მინისტრი დონკიხოტივით ეომება გაურკვეველ წისქვილებს, როდესაც სასწავლო პროცესი არის მოშლილი, სისტემა ლამის დაინგრა. ერთ წელზე მეტია ვერ ხდება დანერგვა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, ახალი სახელმძღვანელობიც კი არ აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ჩვენი განათლების სისტემა წინ წავა? ჯეჯელავა ვაშლების შემოტანაზე საუბრობს სკოლებში, როდესაც მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აბარებს სასერტიფიკაციო გამოცდებს. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ეს სისტემა გამოსწორებულიყო?“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






