კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ახალი ძირითადი უფლებების საკონსტიტუციო დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე ისაუბრა.
„კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს აწესრიგებს და მასში ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილებაა შეტანილი და თვისობრივად არის დახვეწილი. დგინდება სრულიად ახლი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული. მაგალითად ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და სხვა. ეს არის ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ემატება კონსტიტუციის მეორე თავს. ასევე რიგ უფლებებზე, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი სივრცის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, გაზრდილია სტანდარტი. შესაბამისად, კონსტიტუციის მეორე თავი ფუნდამენტურად გადასინჯული და დახვეწილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე ფინანსებისა და კონტროლის თავსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას გაითვალისწინა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს ქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






