საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო. საორგანიზაციო კომისია პირველ სხდომას ამ წუთებში ქუთაისში მართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ცვლილებების პროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტში ამოღებულია ის თავი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.
„ჩვენი შეხედულებაა, რომ ეს არის ცვლილებების ყველაზე ოპტიმალური გზა, რომ პლურალიზმის და სტაბილურობის მომენტი თანაბრად იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ამის განხილვას ვაგრძელებთ, ვისმენთ ხალხის აზრს და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით ქუთაისიდან პარლამენტი არ გადადის“:
„არანაირ სტატუსს ქუთაისს არ ართმევენ, ეს მინდა იყოს ცალსახად დაფიქსირებული. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს იყო საექსპერტო მოსაზრება, რომელსაც მე მიუხედავად იმისა, რომ ამას აქვს სამართლებრივი საფუძველი, არ დავუჭირე მხარი და მოვითხოვე, რომ ასახულიყო რეალობა, სამწუხაროდ ხმათა უმრავლესობით ასე არ გადაწყდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფაქტობრივად პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის, იმიტომ, რომ ეს რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტის მეოთხე მუხლით“, - აღნიშნავს კობა ნარჩემაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






