პოლიტიკური სვლა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზება - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართვის თაობაზე გაჟღერებულ წინადადებას.
უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა.
"როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?!"- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
ეკა ბესელია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ რა ფორმატით მოხდება პრეზიდენტის ჩართვა განხილვებში ეს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ, დღეს გაირკვევა.
"ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება. თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერი განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობენ გვექნება", - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






