შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
26 წლის გიორგი შარაშენიძე გუშინ საკუთარ ავტომობილში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. ახალგაზრდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს.
როგორც ირკვევა გიორგი შარაშენიძე ტურგენევის ქუჩაზე დედასთან ერთად ცხოვრობდა. საბედისწერო ღამეს ის სახლში ბრუნდებოდა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილს გაურკვეველ პირებთან ადრე უთანხმოება ჰქონდა.
ადგილობრივები "ნიუპოსტს" უყვებიან, რომ შარაშენიძის კუთვნილ ავტომობილს სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც მისი მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
"ბიჭი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი... როგორც ჩანს ჩასაფრებულები იყვნენ, როგორც კი მოუახლოვდა უბანს ცეცხლი გაუხსნეს. 4 გასროლა გავიგეთ, რაც შეეხება ავტომობილს საიდანაც ისროდნენ, ვერ ვიხსენებ, ბევრი ავტომობილი იყო. დაჭრილი გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში" - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მკვლელობის შესახებ "ნიუპოსტს" ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნონა ფილაურიც ესაუბრა.
მისი თქმით, ახალგაზრდას მეზობლად ცხოვრობს.
"სროლის ხმაზე გარეთ გამოვედი, ზედიზედ ისროდენ. ახალგაზრდას არ ვიცნობდი, ამბობენ დედასთან ერთად ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ"- განაცხადა თვითმხილველმა.
მასალის გამოყენების პირობები






