თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდება, საქმე ეხება დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონკრეტულად კი პრეზიდენტის არჩევის წესს და მისი სხვა ფორმატით ჩანაცვლებას.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად ცდილობს კონსტიტრუციაში ცვლილების შეტანას, ეს შეხვედრა კი არის იმის მცდელობა, რომ პრეზიდენტამდე მივიდეს მათი შეხედულება:
„დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიკრიბეთ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელთა ხმა ვერ ან არ გაიგონა ქართულმა ოცნებამ და ისე განახორციელა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ როგორ გავაგონოთ უფრო ეფექტურად საქართველოს მოქალაქეების ხმა ქართულ ოცნებას და როგორ მივმართოთ ჩვენს მოსახლეობას, როგორ მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაციას შექმნილი რეალობის შესახებ, როგორ გავერთიანდეთ ყველა ერთად და შევქმნათ ყველამ ერთად საქართველოს კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუცია არის ყველასი. დღეს არვის მხრიდან არ შეიძლება ამ ღონისძიებას დაერქვას ინიცირებული თუ ორგანიზებული, ეს არის ჩვენი ბუნებრივი რეაქცია. რაც შეეხება ამ შეხვედრის კონსპირაციად ან ინსპირაციად მონათვლას, მე მესმის რომ შიშს დიდი თვალები აქვს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ როცა არ გინდა გაიგონო საკუთარი მოქალაქეების ხმა, სურვილი და რჩევები, მაშინ ისინი იძულებულები ხდებიან ანუ იძულებულნი ვხდებით, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას. ამაზე კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ მე იშვიათად მახსენდება უახლესი ქართული ისტორიიდან“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






