რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, აშშ-ს კომისიამ (USCIRF) მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში არ მოხვდა საქართველო, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეფასებით, ქვეყნისთვის პოზიტიური ნაბიჯია.
"26 აპრილს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური 2017 წლის ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს.
ზემოთხსენებულ ანგარიშში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამრღვევ ქვეყანათა სიაში საქართველო კვლავ არ იქნა შეყვანილი, რაც მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს. ამ მხრივ საქართველო რეგიონში გამორჩეულია."- აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
წლევანდელი მოხსენება მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რომ რუსეთი დაასახელოს როგორც განსაკუთრებული შეშფოთების ქვეყანა. ნაწილობრივ მისი ანტიექსტრემისტული კანონის მუდმივად გამოყენების გამო, როგორც სხვადასხვა კონფესიის რელიგიის თავისუფლების მრავალგზის შეზღუდვის ინსტრუმენტი.
ასევე პირველად, რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ „განსაკუთრებული შეშფოთების სუბიექტად“ შემდეგი სამი არასახელმწიფო აქტორი დასახელდეს: ISIS ერაყსა და სირიაში, თალიბანი ავღანეთში და ალ-შაბაბი სომალიში.
მასალის გამოყენების პირობები






