„მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად ვინც მზადაა ქვეყნის სამსახურისთვის. მე ვბრუნდები პოლიტიკაში იმ გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული. მე ვბრუნდები პოლიტიკაში პასუხისმგებლობით იმ შეცდომებზე, რომელიც ჩემი თანამონაწილეობით ხდებოდა, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ვბრუნდები პოლიტიკაში იმ ვალდებულებით, რომ მე გამოცდილება, ცოდნა, ენერგია უნდა მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას. სწორედ საქმის უკეთ კეთების გზებზე და საშუალებებზე მქონდა მე ხანგრძლივი განსჯა სხვადასხვა წრის, სხვადასხვა პროფესიების და პოლიტიკური შეხედულების წარმომადგენლებთან, რათა გაგვერკვია რაშია საქმე და რატომ ვერ მიდის ჩვენი ქვეყანა წინ იმ ტემპით და ისე როგორც ყველა ჩვენგანს უნდა. ამ განსჯის შედეგად მე საზოგადოებას ვთავაზობ 3 პუნქტიან გეგმას, იმისათვის რომ ყველა ჩვენგანის ძალისხმევა იყოს უფრო შედეგიანი და წარმატებული. ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება ვეჭვობ გაუხარდეს იმ ხალხს, ვინც თვლის რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი წინ მიდის და პრობლემები საერთოდ არაა. მე ვთვლი რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩემი გამოჩენა არც იმათ უნდა გაუხარდეს, ვინც თვლის რომ ყველაფერი ცუდადაა ქვეყანაში, ყველაფერი იქცევა და ინგრევა. არაა ასე საქმე. მე ვთვლი, რომ ჩვენ ვცდილობთ მაგრამ ბევრი რამ არ გამოგვდის, რატომ არ გამოგვდის ესაა მთავარი საკითხი. ესაა ჩემი სამოქმედო გეგმის პირველი პუნქტი. თუ სწორ დიაგნოზს არ დავსვამთ გაგვიჭირდება ქვეყნის სწორი კურსით წაყვანა. სწორი დიაგნოზი კი იმაშია, რომ ლიდერებში კი არაა საქმე, ჩვენ გვყავდა სრულიად განსახვავებული სტილის და ბიოგრაფიის ლიდერები, მაგრამ შედეგი ერთიდაიგივეა. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ყველა ლიდერს და პოლიტიკურ პარტიას საქართველოში საქმიანობა გვიწევს და გვიწევდა დესტრუქციულ პოლიტიკურ ველზე, სადაც სწორად ნაკეთები საქმის დიდი ნაწილი იკარგება, ამ დესტრუქციულ ველს სათავე დაედო დიდი ტრაგედიის, სამოქალაქო ომის გამო, მას შემდეგ ჩვენ თითქოს იარაღი დავდეთ, მაგრამ ვირტუალურად იარაღები გვაქვს მიბჯენილი ერთმანეთისკენ. ეს არის ნეგატივებზე აგებული ცხოვრების წესი, რომელიც მუდმივად ყოფს საზოგადოებას და აჩენს განცდას, რომ ვიღაცა ზედმეტია და ამ ქვეყანას უნდა ჩამოშორდეს. ამ ველზე სადაც ყოველი მოსული ხელისუფლება სახელმწიფოს ეუფლება და ეპატრონება, პრივატიზაციას ახდენს და სახელმწიფო ინტერესს თავის სახელმწიფო ინტერესთან აიგივებს, აქედან გამომდინარე ყველა დანარჩენს სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ თვლის და მთელ სახელმწიფო მანქანას თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს. ეს ასე იყო დასაბამიდან ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის, ასე ქვეყანა ვერ შენდება. ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს დესტრუქციული ველია შესაცვლელი და არა პიროვნებები და პარტიები. მეორე პუნქტი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პოლიტიკური ველის გასწორება, სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტის გამაგრება, არის ზეპარტიული, საზოგადოებრივი ამოცანა. ამას ვერცერთი პარტია ვერ გაუმკლავდა დღემდე და ვერც მომავალში გაუმკლავდება, ამიტომ ჩემი მესამე პუნქტით განსაზღვერული საქმიანობა, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, ამ თანამიმდევრობით განხორციელდება. პირველი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს რაშია პრობლემა, მეორე- უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს თაობას გვაკისრია არანაკლები მისია ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვიდრე ეს ეკისრა იმ ადამიანებს, ვინც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდა მე-19 საუკუნეში, იმ ადამიანებს ვინც დაინახა, რომ თუ ეს საქმიანობა არ განხორციელდებიდა ქვეყანა დარჩებოდა პერიფერიად მსოფლიო რუკაზე.
მე გთავაზობთ სამოქალაქო პარტნიორობას სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად. ეს რთული საკითხია, მაგრამ მარტივია „-ჯოს!“ და „გადადექი!“, სახელმწიფო და ქვეყანა შენდება რთულ საკითხებთან გამკლავებით.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშილმა მისი სამოქმედო გეგმის წერილობითი დოკუმენტიც გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






