საგამოძიებო ორგანომ დაკავებულ გიორგი მამალაძეს წარდგენილ ბრალდებაში ბრალი დაუმძიმა.
ქარჩავა ამბობს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობაზე სასამართლო 5 მაისს იმსჯელებს.
"მტკიცებულებათა შეფასებისას, ჯერ დასაშვებობის საკითხი განიხილება 5 მაისს და არსებითი განხილვისას შეფასდება რამდენად არის ეს მტკიცებულება სასამართლოსთვის მისაღები. მე ამ ეტაპზე რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს"- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი.
ედიშერ ქარჩავა კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღება. იურისტი ინტერესდება, დღეს გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სხვა პირების გამოვლენის საკითხზე მუშაობს თუ არა:
"ჩემთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია, რომელზეც ამ ეტაპზე ყურადღება არ გამახვილებულა. ექსპერტიზის დასკვნით ციანიდი საკმარისი იყო არაერთი პირის, დავუშვათ ქალბატონი შორენას წინააღმდეგ, არამედ რამოდენიმე პირის მიმართ. საინტერესოა ამ საქმიდან ცალკე წარმოებად ხომ არ გამოიყო, სხვა სისხლის სამართლის საქმე და გადაეცა თუ არა ამის შესახებ ადვოკატებს დადგენილება. ვინაიდან ეს გარემოება ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, სხვა მიმართულებით ხომ არ მიმდინარეობს გამოძიება დაუდგენელ პირთა მიმართ"- აღნიშნა ქარჩავამ.
პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. პროკურატურა განმარტავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით, განზრახ მკვლელობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






