ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში:
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. შედეგად მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე. მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნათ შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






