ამის შესახებ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანის“ სტუდიაში ისაუბრა.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ბათუმში განვითარებული მოვლენების წინაპირობების შესახებ ქრონოლოგიურად ჰყვება. მისი თქმით, ორი უწყების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება სუს-ის წარმომადგენლისა და მისი ძმის დაკავებით დაიწყო:
"ორ უწყებას შორის დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო მხოლოდ კახა ბუხრაძისა და სუს-ის თანამშრომელს შორის დაპირისპირება. ახალგაზრდა ბათუმელი პიროვნება, რომელსაც მეც ვიცნობ, საპატრულო პოლიციამ, შემოწმების მიზნით გააჩერა. მოხდა შელაპარაკება ამ ადამიანსა და საპატრულო პოლიციას შორის. ვიცი ვინ არის ეს პირი თუმცა მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვიტყვი, რომ სუს-ის თანამშრომლის ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე, გარკვევის მიზნით მოვიდა მისი ძმაც. შემდეგ ორივეს აკავებენ და სამმართველოში მიჰყავთ. ამის შემდეგ, სუს-ის თანამშრომლის მეგობრები მიდიან კახაბერ ბუხრაძესთან, არ ვიცი იქ რა მოხდა, რა მოილაპარაკეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ორივე მათგანს ათავისუფლებენ.
სუს-ის თანამშრომელი სამმართველოში იყო მოთავსებული, მისი ძმა დროებითი დაკავების იზოლატორში. საბოლოოდ საერთოდ შეწყვიტეს ადმინისტრაციული წარმოება”- აცხადებს გია ხალვაში.
გია ხალვაში ირწმუნება, რომ თანამშრომლებმა მოისმინეს ბუხრაიძის დისკრიმინაციული ფრაზა, რომელიც აქციებისა და აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნის საფუძველი გახდა.
„მას შემდეგ, რაც სუს-ის თანამშრომლები გააცილა ბუხრაძემ, ასეთი სიტყვებით განმარტა, რომ ერთი ამ აჭარელ თათრებს დამიხედე რას შვებიან, ამათ ჭკუას ვასწავლიო. ეს ფრაზა გაიგონა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რის შემდეგ გავრცელდა ეს და ამის შემდეგ ეს გავრცელდა ქალაქში, რასაც ბატონი მერაბ ღოღობერიძისა და პაატა შავაძის მიერ აქციების მოწყობა მოჰყვა”- განმარტა პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პატრულის მისამართით მოსახლეობა აგრესიით გამოირჩეოდა. პირველი აქციის დროს კი ბუხრაიძემ ქალაქში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ყოველივე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გაუჩალიჩა".
"როდესაც ვარშანიძეების დაკავება მოხდა, კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნა გაჩნდა, კახა ამ დროს თბილისში იყო ჩამოსული. როდესაც უთხრეს, რომ მოსახლეობამ გზა გადაკეტა და თქვენს გადადგომას ითხოვსო, მისი მოქმედება იყო თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია და მე როგორც ვიცი, ეს ბატონი კახას მიერ იქნა დაანონსებული რომ ეს ყველაფერი მე სუს-მა გამიჩალიჩაო"- განაცხადა გია ხალვაშმა.
არჩევანში სტუმრობისას ყოფილმა პოლიციელმა კახა ბუხრაიძის ჩვენებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას შემდეგ რაც პოლიციის მაღალჩინოსანი „ჩიხში მოჰყვა“, თქვა, რომ აქციების მის წინააღმდეგ მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებული იყო.
„ამის შემდეგ ის საპატრულო პოლიციაში იწვევს თათბირს და აცხადებს, რომ გია ხალვაშმა რომ დააკავა ეს პირი, ხომ ხედავთ, როგორი შედეგი მოჰყვაო?! ცდილობდა ვიღაცაზე გადაბრალებას, მე ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა დღეს ღოღობერიძის ადგილზე ვიქნებოდი"- აღნიშნა ხალვაშმა.
აჭარის პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ღია ეთერში მერაბ ღოღობერიძის ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ღოღობერიძეს პირადად არ იცნობს.
"მან აქცია გააკეთა ჩემს მხარდასაჭერად და მე მადლობა გადაუხადე. ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი მასზე, ვერც იმას რომ სუს-თან თანამშრომლობდა. ის ბათუმში დიდი ხანია ასეთ აქციებს აკეთებს. ვიცნობ მხოლოდ ასე, ტელევიზორიდან და შორიდან - ქუჩიდან. ბათუმი პატარა ქალაქია და თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ცნობა და მეგობრობა ასეთი კავშირი არ გვქონია. პირადად მე ამ აქციის შემდეგ ვიცნობ"- დასძინა ხალვაშმა.
მასალის გამოყენების პირობები






