საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის მდივანთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე რამდენიმე რეკომენდაცია ჰქონდეს. შესაბამისად მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ რეკომენდაციებიდან გამომდინარე შესაძლოა, პროექტში ზოგიერთი ჩანაწერის ფორმულირება შეიცვალოს.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი საკითხი შესაძლოა, იყოს გაუნაწილებელი მანდატების თემა ან ქორწინების შესახებ ჩანაწერი.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გვაქვს ცალსახა პოზიტიური შეფასება. არანაირი შენიშვნები არ არის ხუთპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით და არანაირი შენიშვნები არ არის ბლოკებთან დაკავშირებით... ვისაუბრეთ ასევე შინაარსთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ ნორმებზე, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებებია საქართველოში და რომლებზეც კრიტიკა ისმის.
ზოგადი შეფასება არის ის, რომ ტექსტი და ცვლილებები არის ძალიან პოზიტიური და ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისათვის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით.
რაც ეხება კონკრეტულ მოსაზრებებს, რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შენიშვნა შესაძლოა ჰქონდეს ვენეციის კომისიას. ორი კონკრეტული თემა შემიძლია გითხრათ - ერთი შეეხება მოსამართლეების არჩევის წესსს, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი კრიტიკა, რომ პრეზიდენტს, თითქოს, ვართმევდით გარკვეულ უფლებამოსილებას. ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს არის სწორი ჩანაწერი, ეს ეფუძნება მათს რეკომენდაციებს და, შესაბამისად, სასამართლო სისტემას უნდა ჰქონდეს თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის დასახელების უფლება, იგივე შეეხებოდა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს.
პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშრებით ორი ცვლილება, რომელიც პროექტში არის ასახული, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა რომ სწორად არის ასახული, ასეც უნდა იყოს და ეს სრულ შესაბამისობაშია მათს რეკომენდაციებთან.
იმ სპეკულაციების დასასრულებლად, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა, ეს ამ ორ თემაზე ზუსტად ვიცით პოზიცია და მე მგონი, ეს შეცვლას არ ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






