როგორც "ნიუპოსტს" ლალი ბასარიამ განუცხადა, მას ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს და მეუღლის მონახულების პრობლემა არც ადრე ჰქონია.
ბასარია ამბობს, რომ სამმხრივ შეხვედრაზე საუბარი გიორგი ლუკავას გაცვლის საკითხზე უნდა ყოფილიყო.
"სუსმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მე გიორგი ლუკავას მონახულების უფლება მქონდა, რადგან მე "აფხაზეთის მოქალაქეობა" მაქვს. როგორც ჩანს, დღევანდელ შეხვედრაზე, ქართულ მახარეს ლუკავას საკითხი საერთოდ არ დაუყენებია. მე დამირეკეს დრანდის ციხიდან და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე დღეს ქართული მხარის მხარდაჭერას და გადაცემის მოითხოვნას ელოდა. დღეს ლუკავა გიორგის შეწყალება უუქმდებოდა. სწორედ ამ მიზნით გავმართე გუშინ აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თუმცა არავინ მომისმინა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კახაბერ ქემოკლიძემ იცოდა, რომ ლუკავას მეუღლეს, ლალი ბასარიას ჰქონდა აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული უფლება მქონდა, გადავსულიყავი ენგურზე და მომენახულებინა ჩემი მეუღლე. აქ მონახულებაზე არ მიდიოდა საუბარი. აქ გაცვლაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუ შეწყალება გაუქმდა, არსებობს საშიშროება, რომ ლუკავა გიორგის სიცოხოცხლეს საფრთხე დაემუქროს"- აღნიშნა ბასარიამ.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა "აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას ოჯახს მისი მონახულების უფლებას აძლევს".
სუსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ "შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხზე".
52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იხდის სასჯელს. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე 2011 წლის მაისში ოკუპირებულ ტერიტრიაზე დაატყვევეს. ლუკავას ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






