1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭანტურია მოკლეს.
ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი და რატომ მოკლედ იმ პერიოდის ქართული პოლიტიკის ლიდერი?
ფაქტი, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა - გია ჭანტურიას მკვლელობის საქმის ახალი დეტალები საზოგადოებრივივმაუწყებლის გადაცემაში ,,ყველა კითხვა“.
გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდეგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშიც.
1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.
1994 წელს გიორგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.
1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები - იგორ გიორგაძე, შოთა კვირიაი და ვარდიკო ნადიბაიაძე. ჭანტურია კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქვეყანაში შეიარაღებული ფორმირებების არსებობის. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.
ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში, 1994 წლის 3 დეკემბერს, პარტიის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.
გიორგი ჭანტურიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორი, რომელიც განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას.
მასალის გამოყენების პირობები






