საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 24-28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან თორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან.
„სტრასბურგში იმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ანგარიში. ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვაპირებთ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სესიაზე დაგეგმილ განხილვებში. ამ სესიებზე მონაწილეობისთვის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ საქართველო მონოტორინგის ეტაპიდან გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს თავისი დემოკრატიული განვითარების დონით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში გამგზავრებამდე.
ქვეყნის პოსტმონიტორინგის ფაზაში გადასვლა არარეალისტურს უწოდებენ ევროპულ საქართველოში.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმდენჯერ აქვს გამოთქმული კრიტიკული შეხედულება საქართველოს შიგნით ქართული ოცნების მოღვაწეობაზე, რომ მე ნაადრევად მეჩვენება და არარეალისტურად ყოველგვარი სპეკულაცია მონიტორინგის პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშრებით,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, გიორგი კანდელაკი, გელა მიქაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი შედიან.
მასალის გამოყენების პირობები






