ფრაქცია ქართული ოცნება- კონსერვატორების წევრი, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ქვეყანას სამთავრობო კრიზისების ფუფუნება არა აქვს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გამარჯვებულ პარტიას უნდა შეეძლოს, დააკომპლექტოს მთავრობა ისე, რომ სამთავრობო კრიზისი არ შეიქმნას,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
დეპუტატი არასამთავრობოების შეთავაზებას, რომელიც საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირებას ეხება, არ ეთანხმება.
"ალტერნატიულო წინადადებების განხილვის დრო გვექნება, თუმცა არ ვემხრობი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას. ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვფიქრობ, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, ამ პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე საკითხზე საფუძვლიან არგუმენტებს მოვისმენენ, შესაძლოა, გადაწყვეტილებები შეიცვალოს.
„თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ახალ, საფუძვლიან, წონად არგუმენტს მოვისმენთ, ბუნებრივია, შეიძლება, გადაწყვეტილებაც შეიცვალოს. მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი არ ყოფილა, ვნახოთ, დაველოდები, რა შემოთავაზებაზეა საუბარი ზუსტად არ ვიცი,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი. კომისიაში შემავალი ლეიბორისტული პარტია სხდომის დატოვებას რამდენიმე წუთში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






