ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იგეგმება ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე და უნგრულ-ქართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა.
დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა. „უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართული და უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ თანამშრომლობას ვაღრმავებთ ყველა მიმართულებით და ამ პერსპექტივებს განვიხილავთ როგორც ჩემს კოლეგასთან, ასევე დელეგაციის სხვა წევრებთან.“
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






