ნარმანიამ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან სისუფთავე.
„ყველამ უნდა დავიცვათ სისუფთავე თუ გვინდა, რომ მართლაც მოწესრიგებულ და სუფთა ქალაქში ვცხოვრობდეთ. დღეიდან ამოქმედდა ჯარიმები. 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან სამართალდამრღვევი პირები, რომლებიც ქუჩაში უკანონოდ გადაყრიან ნარჩენებს. 19 ათასზე მეტი კონტეინერია ქალაქში სხვადასხვა ადგილას განთავსებული, ამიტომაც ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ნარჩენები კონტეინერებში მოათავსოს. ოპერატიულად ხდება მომსახურება. ძალიან კარგად მუშობს „თბილსერვისი“, მაგრამ მხოლოდ „თბილსერვისის“ მუშაობასა და ჩვენს აქტიურ ქმედებებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქალაქის სისუფთავე. ყველამ უნდა დავიცვათ სისუფთავე. არ დავანაგვიანოთ ქალაქი. ასე რომ, საინფორმაციო კამპანია ჩატარებულია. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ის აუცილებლად დაჯარიმდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურება ისჯება კანონით - „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ.
მასალის გამოყენების პირობები






