როგორც TI-ში აცხადებენ, რეკლამის შინაარსის შემოწმება ცესკოს დაევალება. თუ მსგავსი შინაარსის რეკლამა ეთერში გავა, პასუხს არა მაუწყებელი, არამედ პოლიტიკური პარტია აგებს.
ეკა გიფაურის თქმით, დღესდღეობით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განათავსოს რეკლამა, რომლის მიზანი შეიძლება იყოს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ლეგალიზაცია.
„რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურობს საქართველოში მედიისა და სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით. როცა საქმე შეეხება არჩევნებს და პოლიტიკური პარტიის აგიტაციას, მნიშვნელოვანია, მათ აეკრძალოთ ისეთი ტიპის აგიტაცია. რომლის მიზანიც იქნება რუსეთის გზავნილის გავრცელება“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას განცხადებით, საკანონდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში და „საარჩევნო კოდექსში“.
„მაუწყებლის ვალდებულება არ ხდება რეკლამის შინაარსის შემოწმება და თუ აგიტაციური რეკლამა გავა ეთერში მაუწყებელი არ აგებს პასუხს. პასუხს აგებს მხოლოდ პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაამზადა პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის რეკლამა. ცესკო-ს ექნება დაჯარიმების ბერკეტი 2 000 ლარი. რა თქმა უნდა, საკითხს საბოლოოდ განიხილავს სასამართლო და მიიღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მაუწყებელს ექნება ვალდებულება რეკლამა მოხსნას ეთერიდან“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თუ პარტია პრორუსულ ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას ეწევა, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს და შესაძლოა, გააუქმოს პარტია.
მასალის გამოყენების პირობები






