ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ნაცვლად იმისა რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რეალურად გააკრიტიკოს, პარლამენტის სხდომაზე მონოტონური განცხადებებით შემოიფარგლება და ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულების გარდა არაფერს აკეთებს:
„ვუსმენდი ჩვენი კოლეგების დაწერილ ტექსტებს, რომლებსაც ისინი მონოტონურ რეჟიმში გვიკითხავდნენ. მინდა დაგაბრუნოთ რეალობაში. დღეს მიმდინარეობს საქართველოს ღია ანექსიის პროცესი. თქვენს მიერ განხორციელებული ე.წ დათმობის პოლიტიკის შედეგად საქართველო, მისი ოკუპაცია და მისი პრობლემები გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ეს არის პირდაპირი მიზეზი, იმის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. იმის ნაცვლად, რომ თქვენ დღეს ამ დარბაზში ცალსახად გმობდეთ რუსეთის პოლიტიკას, გვესაუბრებით იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება თითქოს სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა დროს განხორციელებულ პოლიტიკას. ძვირფასო კოლეგებო ნუთუ არ გესმით ან არ გრცხვენიათ? უნდა არსებობდეს ქვეყანაში თემები, რომელზეც უნდა არსებობდეს ეროვნული თანხმობა. როგორ შეიძლება დღეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვერაფრით ხელს ვერ ვუშლით რუსეთის ანექსიას, თქვენ საუბრობდეთ რა მოხდა 2008 წელს. დიახ 2008 წელს საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ჩვენ მაშინ ვაფრთხილებდით მსოფლიოს რომ ამით არ დამთავრდებოდა რუსეთის აგრესია და შემდეგი უკრაინა და ყირიმი იქნებოდა და ასეც მოხდა. საერთაშორისო კონტექსტი სრულიად შეიცვალა 2008 წლის შემდეგ და როგორ მოახერხეთ 2017 წელს , რომ როდესაც საუბრობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საქართველო გეგონება აღარ არსებობს, აღარავინ ახსენებს რუსეთს მის შეუსრულებელ ვალდებულებებს“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა, მისი თქმით „ქართული ოცნება“ კვლავ გაუგებარ პოლიტიკას აგრძელებს რუსეთთან მიმართებაში.
მასალის გამოყენების პირობები






