მიხეილ ჯანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება, რომლის თანახმადაც,
შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა.„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს ჩართულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით, არ დადასტურდება და ასევე, ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში მაქსიმალური იქნება. ჩვენ ვართ კონტაქტზე“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის რაიონში, შტორმის შედეგად ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებს შორის, საქართველოს ერთი მოქალაქეა.
ამის შესახებ რუსული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
დღეს დილით, შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
კატასტროფის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.
რუსული მედიის ცნობით, ბორტზე უკრაინის ცხრა მოქალაქე, რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.
სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები






