ამის ნათელი მაგალითი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული დაძაბულობაა. ჩრდილოეთ კორეის მიერ თვეების წინ ბალისტიკური იარაღების გამოცდის დაწყებამ აშშ-ს შემხვედრი ნაბიჯები გამოიწვია, როგორც ჩანს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მწვავე გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდება. ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეს კი მის აკვატორიასთან ახლოს სამხედრო არმადის შექმნით პასუხობს.
რა საფრთხეებს შეიცავს არსებული ვითარება და რა ზიანის მომტანი იქნება სიტუაციის გამწვავება საქართველოსთვის, „ნიუპოსტი“ მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ ფლობს ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც ვერ მიაღწევენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიამდე, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსში ხვდება საქართველო:
„ჩრდილოეთ კორეის თემა ახლა არის ყველაზე საშიში საკითხი ამ ეტაპზე მსოფლიოში, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ბუნებრივია ავღანეთსა და ერაყში ბრძოლა მიმდინარეობს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ერთი შეხედვით ჩანს, რომ იქ არის ძალიან ცხელი წერტილები, მაგრამ პოტენციურად ჩრდილოეთ კორეა გაცილებით საშიშია, ვიდრე ავღანეთი და ერაყი ერთად აღებული.
ჩრდილოეთ კორეა მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ W ბუშის დროს იყო აღიარებული როგორც ბოროტების ხაზის ნაწილი, რომელიც არსებობდა მაშინ მსოფლიოში და ბუშმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბოროტების სახელმწიფოს ეკუთვნოდა, რომელიც ტერორიზმს აღვივებდა, საფრთხეს უქმნიდა ცივილიზაციას, მიუხედავად ამისა, ამდენი წელიწადის გასვლის შემდეგ, გადამჭრელი რადიკალური ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. ამას აქვს რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზი. განსხვავებით ერაყისა და ავღანეთისა, სავარუდოდ ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი. ჩრდილოეთ კორეას ახასიათებს ბევრი ბლეფი, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი ჰქონდეს, ეს უკვე ქმნის პრობლემას.
მეორე ფაქტორი, რითიც განსხვავდება ერაყსიგან და ავღანეთისგან, ეს არის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ასევე სავარუდოდ გააჩნია, საუბარია შუა დიაპაზონის რაკეტებზე, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა მიაღწიონ ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, მაგრამ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოც იფარება ამ რაკეტების რადიუსში, ჩვენამდე შესაძლოა ამ რაკეტებმა მოაღწიონ, კვლავ ვიმეორებ, ეს შესაძლოა იყოს ბლეფი, მაგრამ ამის ვარაუდის საფუძველი არსებობს. ამ რაკეტების დიაპაზონში ხვდება სამხრეთ კორეაც და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისივე თქმით, მეორე ფაქტორი, საშიშროები თვალსაზრისით, ეს არის სეული, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში უდიდეს როლს ასრულებს:
„მესამე ფატორი - სეული, რომელიც არის სამხრეთ კორეის დედაქალაქი და რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესცენტრი, მსოფლიოს ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული სეულზე, იგი თამაშობს ძალიან დიდ როლს მსოფლიო ეკონომიკაში, ჩრდილოეთ კორეის ჩვეულებრივ არტილერიას შეუძლია, რომ დაბომბოს სეული, ეს არის ძალიან საშიში ფაქტორი, არც ერაყში და არც ავღანეთში ასეთი საშიშროებები არ არის, მათ ამ წუთისთვის არ აქვთ შესაძლებლობა, რომ არტილერიის გამოყენებით გაანადგურონ მსოფლიოს რომელიმე მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი. ჩრდილოეთ კორეას ეს შესაძლებლობა აქვს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარეც კი. ეს სამი ფაქტორი ქმნის ჩრდილოეთ კორეას ძალიან საშიშ ქვეყნად.
ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ გაზარდოს არმადა რომელიც დადგება ამ წუთისთვის ჩრდილოეთ კორეასთან, პირველი ავიამზიდი ადგილზეა, მე ვვარაუდობ, რომ კიდევ ორი ავიამზიდი დაემატება ამ არმადას, ძალთა რესურსი, რომელიც იქ იქნება მობილიზებული, იქნება ძალიან დიდი, იქნება საკმარისი, რომ ეს რეჟიმი, რომელიც თავისი ხალხის გენოციდს ახორციელებს, რომელიც უქმნის მთელ მსოფლიოს საშიშროებას, იყოს განადგურებული, მაგრამ რა ფასად, ეს არის ის, რაც ამდენი წლების განმავლობაში აფერხებს აშშ-ს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან“, - განმარტავს შაშკინი.
დიმიტრი შაშკინი ჩინეთის პოლიტიკურ როლზეც საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ ჩინეთი ვეღარ ახდენს გავლენას ჩრდილოეთ კორეის მმართველზე, ამერიკის შეერთებული შტატები კი არ დაუშვებს, რომ მან შეძლოს ბალისტიკური რაკეტების იმ დონეზე დახვეწა, რომ მათ აშშ-ის ტერიტორიებამდე მიაღწიოს. თუმდა აშშ-სთვის ასევე განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ მას იაპონიაში ორი სამხედრო ბაზა აქვს, რომლებზეც იერიშის მიტანა ჩრდილოეთ კორეას შეუძლია:
„არსებობს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს არის ჩინეთი, რომელიც არის პოლიტიკური ფაქტორი, იგი ყოველთვის პროტექციონალისტურად უყურებდა ჩრდილოეთ კორეას და იცავდა მკვეთრი ნაბიჯებისგან აშშ-სა თუ ნატოს მხრიდან. ახლა ჩინეთიც არის დაღლილი იმ სიგიჟეებით, რომელიც მოდის ჩრდილოეთ კორეიდან, რომელსაც მართავს არაადექვატური გიჟი ადამიანი, რომლის ხელშიც არის ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ის გავიდეს ახალ სტადიაზე და შექმნას ისეთი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც აშშ-ს მიაღწევს, მაგრამ ის რაკეტები, რომლებიც მას ამ ეტაპზე გააჩნია არის საკმარისი იმისათვის, რომ მიაღწიოს აშშ-ს სამხედრო ბაზებს, რომლებიც განლაგებულია იაპონიაში, რომელიც ამერიკისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. სიტუაცია არის დაძაბული და ეს სიტუაცია შესაძლოა გამწვავდეს ნებისმიერ მომენტში. თუ არის ახლა მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი, ეს არის ჩრდილოეთ კორეა, რადგან იმ პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე რაც გიჟ ლიდერს, აბსოლუტურად არაადექვატურ ლიდერს შეუძლია მსოფლიოს დაუპირისპიროს, ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად ეს ქვეყანაა“, - დასძენს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი არ ერიდება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას და აღარ აპირებს ლოდინს, რადგან ლოდინის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას როგორც კი საშუალება მიეცემა იგი იერიშს მიიტანს აშშ-ზე:
„სიტუაცია ყოველდღე უფროდაუფრო უარესდება, ჩინეთს როგორც ჩანს არ აქვს საკმარისი გავლენა ამ შიზოფრენიკზე რომ გააჩეროს და არც აშშ-ს აქვს უკვე სურვილი, რომ ელოდოს, უსასრულო ლოდინი კი უკვე აღარ შეიძლება, რადგან როგორც კი ჩრდილოეთ კორეას საშუალება მიეცემა, იგი აშშ-ს დაბომბავს. ეს ადამიანი საკუთარ ხალხს ხოცავს, მასთან ძალიან რთულია რაიმე კონსესუსის მიღწევა.
ობამა საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა, მისი ადმინისტრაციის მთავარი კონტენტი იყოს ის, რომ გადაწყვეტილებები არ მიეღოთ, ამის შედეგად შეიქმნა „ისლამური სახელმწიფო“, გამწვავდა ვითარება ირანსა და ერაყში, ამ პროცესში ჩრდილოეთ კორეა აგრძელდება ბალისტიკური რაკეტების დახვეწას და ატომური იარაღის შექმნას. გადაწყვეტილების მიღება რთულია, რადგან ვერცერთი სახელმწიფო ბოლომდე ვერ გათვლის იმ შედეგებს, რაც შესაძლოა ამა თუ იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს. ადრე თუ გვიან დგება მომენტი, რომ ნაბიჯი უნდა გადაიდგას, ტრამპმა კი სირიით აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






