მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში - ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე
პოლიტიკა - 18:41, 18 Apr, 2017     30220
2017 წელი მსოფლიოსთვის მრავალი სიახლითა და მღელვარებით დაიწყო. პირველი განსაკუთრებული მოვლენა მსოფლიოსთვის აშშ-ის არჩეული 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გახლდათ, ტრამპმა ბარაკ ობამა ჩაანაცვლა და საკმაოდ ხმამაღლი განცხადებებიც გააკეთა, როგორც საერთაშორისო, ასევე აშშ-სთან მიმართებით. ტრამპის განცხადებებს შორის განსაკუთრებით მწვავე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა და ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულება გახლდათ.

მსოფლიოს მასშტაბით კი ცივილიზებულ სამყაროში არა ერთი ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ტერაქტები, სამხედრო იერიშები, ტერორიზმის გამძაფრება, გიგანტურ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებები და დაპირისპირებები...

2017 წელი სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარი ტერატქით დაიწყო, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.

3 იანვარს ტერაქტი მოხდა ბაღდადში, რამაც 35 ადამიანი იმსხვერპლა, აღნიშნულზეც პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ექვს იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო ძალები შეამცირა, ამის შესახებ გენშტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. არასახარბიელო სიტუაცია გახლდათ ერაყში, „ისლამური სახელმწიფო“ პოზიციების განმტკიცებას შეეცადა და სამხედრო ბაზას დაესხა თავს, თუმცა, 7 იანვარს ერაყის არმიამ მოსულის საკვანძო რაიონი დაიკავა. 8 იანვარს კი ბაღდადში მომხდარმა აფეთქებამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 8 იანვარს ტერაქტი მოხდა ისრაელში, სატვირთო ავტომობილი ხალხმარავალ ადგილზე შევარდა და აღნიშნულმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხელისუფლება და ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მომხდარის ავტორი „ისლამური სახელმწიფო“ იყო.

9 იანვარს აფეთქება მოხდა ეგვიპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე, რამაც 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 10 იანვარს ავღანეთის პარლამენტთან მომხდარმა ტერაქტმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა სირიისა და ერაყის საზღვარზე 330 კილომეტრიანი კედელი ააგო.

მიმდინარე მოვლენის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტ გიორგი სანიკიძეს დაუკავშირდა. როგორც სანიკიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ტერორიზმის განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბარი არ არის, რადგან მსგავსი პრობლემები ყოველთვის არსებობდა, რადგან ტერორიზმი შეიძლება „იაფ საშუალებად“ ჩაითვალოს:

„ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დიდი საშიშროების მოლოდინი უნდა გვქონდეს, ტერორიზმის გააქტიურებაზეც ვერ ვისაუბრებთ, რადგან ხდებოდა ის, რაც ადრეც ხდებოდა, მომენტი არის ისეთი, რომ შეიძლება ითქვას კარგად ჩანს, ტერორიზმი იაფია, აქამდე აფეთქებები იყო აქტუალური, თუმცა, ლონდონში დანის გამოყენებით მოხდა ტერორისტული აქტი. ვერ ვიტყვი, რომ დაძაბულობამ მოიმატა, დაძაბულობა საერთოდ არსებობს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი რომ ავიღოთ, აქ დღევანდელი მსოფლიოს ძალიან რთული პრობლემებია დაგროვებული. ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს“, - აცხადებს გიორგი სანიკიძე.

პარალელურად თავს იჩენდა რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დაპირისპირებები, ახალმა პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე, პენტაგონმა კი განაცხადა, რომ რუსეთმა თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება აირჩია. 19 იანვარს რუსეთმა და თურქეთმა სირიაში ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს. 21 იანვარს პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ირანმა ბალისტიკური იარაღის გამოცდა დაიწყო, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რასაც დონალდ ტრამპის განცხადება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ „ირანი ცეცხლს ეთამაშება და იგი პრეზიდენტ ობამას მსგავსად, „კეთილი“ არ იქნება“.

4 თებერვალს თურქეთის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 60-მდე პოზიცია დაბომბა, რის შემდეგაც 51 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა. ამავე დღეს სირიის ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა, რომელთაც აშშ და საერთაშორისო კოალიციის ძალები უჭერენ მხარს, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ქალაქ რაკკაზე შეტევები განაახლა. ირანმა კი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნისთვის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. თურქეთის ავიაციამ მორიგი ავიაიერიში განახორციელა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე 12 თებერვალს. თურქეთის თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ ელ ბაბში წერტილოვანი დარტყმებით ისლამისტების 33 ობიექტი გაანადგურეს.

პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაიწყო, რამაც მსოფლიო ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. 13 თებერვალს „თალიბანის“ მორიგ ტერაქტს პაკისტანში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ISIS-ის მორიგ ტერაქტს ბაღდადში კი 48 ადამიანი ემსხვერპლა, ამავე დღეს, 17 თებერვალს, ამავე ტერორისტული დაჯგუფების ტერაქტმა პაკისტანში 75 ადამიანი შეიწირა. 24 თებერვალს მორიგი ტერაქტი მოხდა სირიაში, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მომდევნო დღეს კი სირიის ქალაქ ხომსაში მომხდარმა აფეთქებამ 42 ადამიანი შეიწირა.

6 მარტს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 7 მარტს კი აშშ-მა სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა. 9 მარტს ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქორწილში თავი აიფეთქეს, რამაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 11 მარტს კი დამასკოში მომხდარმა ორმა აფეთქებამ 50-მდე ადამიანი შეიწირა. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 17 მარტს, სირიაში მეჩეთის დაბომბვის შემდეგ, რასაც 40 სიცოცხლე შეეწირა, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

მსოფლიო შეძრა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტის შენობასთან განხორციელებულმა ტერაქტმა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი და ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა.

ტრაგიკული მოვლენებით განსაკუთრებით დაძაბული აპრილის თვე აღმოჩნდა, 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, 4 აპრილს კი მსოფლიო სირიაში მომხდარმა ქიმიურმა თავდასხმამ შეძრა, რის შედეგადაც 80-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათობით ბავშვი, მომხდარზე აშშ-მა პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმსა და რუსეთს დააკისრა, იმის გამო, რომ რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღი სრულად არ გაანადგურა. ანალოგიური ბრალდებებით მიმართა რუსეთმა ტრამპის ხელისუფლებას, 7 აპრილს კი ტრამპმა ასადის რეჟიმს 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტით უპასუხა ხმელთაშუა ზღვიდან, რომლითაც სირიის ხელისუფლების სამხედრო ბაზა დაბომბა, ამავე დღეს სირიის სანაპიროებისკენ რუსული სამხედრო გემები გაემართნენ. 8 აპრილს სირიაში ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც 89 ადამიანი ემსხვერპლა.

სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებიბსას დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სირიაში ვითარების დასტაბილურება არ აწყობს რუსეთს და ვლადიმირ პუტინს:

„როდესაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა, სირიიდან ბოევიკები არ დაბრუნდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესია, სირიაში ომი არასდროს დასრულდეს. პუტინი პირდაპირ აცხადებს რომ მას აწყობს ომი. მან თქვა, რომ აწყობს ასადმა მშვიდობიანი მოსახლეობა მოწამლოს. პუტინმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას არ სურს სირიაში ომის დასრულება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მცდელობა იმ ხალხისა, ვინც ამართლებს რუსეთსა და ასადს, არის დაკავშირებული ამ ფრაზასთან. რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც სირიაში სხვადასხვა მხარეებზე ომობენ, ყველაზე მეტი ბოევიკი წასულია რუსეთიდან. ეს კი ყვლა იმ ადამიანმა უნდაგაითვალისწინოს, რომელიც აცხადებს, რომ სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმა იყო პროვოკაცია და ასადს ეს პუტინის დავალებით არ ჩაუდენია და მას ათობით ბავშვი არ მოუწამლავს. პუტინის ეს ფრაზა გლობალურ პოლიტიკაზე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

გიორგი სანიკიძე კი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპმა სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო მკაფიო და ხისტი პასუხი გასცა:

„ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ტერორიზმის წინააღმდეგ გააქტიურდა ტრამპის ადმინისტრაცია, მან ძალიან ხისტი პასუხი გასცა სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო“, - აღნიშნავს სანიკიძე.

9 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი გაგზავნა. ოფიციალური განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებას და თავისი ქმედებით რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხედ რჩება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორეის სანაპიროსკენ ამერიკული სამხედრო ხომალდის გაგზავნა „ადასტურებს აშშ-ის აგრესიულ გეგმებს.”

საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ ნახევარკუნძულის სანაპიროებთან გაგზავნა მიუთითებს, რომ „აშშ-ის გეგმა ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა და ჩრდილოეთ კორეა საპასუხო ქმედებისთვის მზად არის.“ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში არსებული ვითარება მსოფლიოში მიმდინარე სხვა პრობლემებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმეა:

„ჩრდილოეთ კორეის თემა ამ ეტაპზე არის ყველაზე საშიში, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ავღანეთში, ერაყში ომი მიმდინარეობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, მაგრამ პოტენციურად ბევრად უფრო საშიშია ჩრდილოეთ კორეა, მრავალი წლის მანძილზე ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადამჭრელი ნაბიჯები არ გადადგმულა, განსხვავებით ერაყისგან და ავღანეთისგან, სავარუდოდ, ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს, მას ახასიათებს ბევრი ბლეფი, ეს უკვე ქმნის პრობლემას. მას აქვს სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტები, შუა დიაპაზონის რაკეტები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება მიაღწიონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით რაც ამ დროისათვის არსებობს, საქართველოც იფარება ამ რაკეტების რადიუსშიც. ჩვენამდე შესაძლოა ამ რაკეტებმა მოაღწიონ, შესაძლოა ეს იყოს ბლეფი, მაგრამ ასეთი ვარაუდი არსებობს“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

გიორგი სანიკიძე კი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ არსებული ვითარება სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, დასავლეთს ამისათვის შესაბამისი ბერკეტები გააჩნია:

„რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, იგი პირდაპირ ახორციელებს მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამას ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვა შეერთებული შტატების მხრიდან. ვერ ვიტყვი რამდენად გართულდება მდგომარეობა, გადაიზრდება თუ არა ეს ყველაფერი რეალურ სამხედრო დაპირისპირებაში, თუმცა, არსებობს იმის ბერკეტები, რომ ასე არ მოხდეს და დასავლეთს ამის ბერკეტები აქვს“, - დასძენს სანიკიძე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13 აპრილს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების მიმართულებით არაბირთვული, „დედა ბომბი“ ჩამოაგდო, მოხდა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია. 15 აპრილს კი აშშ-მა ახალი ბირთვული ბომბი B-61-12 პირველად გამოსცადა.

დაძაბულობა თურქეთში - მოსახლეობა ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს, ქალაქები აქციებმა მოიცვა, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „ნიუპოსტთან“ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს:

„თუ თურქეთმა გადაუხვია დემოკრატიის გზას, თუ პრეზიდენტის უფლებები გაიზარდა და ის გაიზრდება, აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა დანიშნოს 4 მოსამართლე, გაიზარდოს მისი ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, უფლება ეძლევა ეკავოს პარტიული თანამდებობა, საუბარია იმაზე, რომ გაიზარდოს დიდი მეჯლისის წევრთა რიცხვი 550-დან 600-მდე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თურქეთის პარლამენტში გაიზარდოს პრეზიდენტის პოტენციურად ერთგულთა რიცხვი. საერთო ჯამში აღნიშნული ვერ აისახება დადებითად თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ერდოღანს შესაძლებლობა ეძლევა, რომ 2029 წლამდე დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. მოსახლეობა თურქეთში არის ორად დაყოფილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერდოღანის მომხრეთა რიცხვი შეადგენს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით 51.3%-ს და 48.7%-ს შეადგენს მოწინააღმდეგეთა რიცხვი, დაფიქსირდა ამომრჩეველთა 80%-იანი აქტივობა, დაახლოებით 20%-მა არ მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, ეს ქმნის დაძაბულობის ზრდის პერსპექტივას. ამას ემატება საინტერესო ფაქტორი, რომ დემოკრატიული სამყაროს პოზიციებით გაყოფილია, ერთის მხრივ ევროპა აკრიტიკებს თურქეთს, მეორეს მხრივ ამერიკის პრეზიდენტი ულოცავს თურქეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის შედეგებს, ესეც გარკვეული გეოპოლიტიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. თურქეთისა და აშშ-ს შეხედულებები სირიის რეჟიმთან მიმართებით ერთმანეთს ემთხვევა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ 4 თვეში, გიგანტური ქვეყნების უარყოფითი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება, დაძაბულობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მოახლოებული არჩევნები საფრანგეთში და გამოწვეული არეულობა, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად თურქეთის მოსახლეობის პროტესტი, აქციები, დაკავებები და საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივება. ტრამპისა და პუტინის ურთიერთბრალდებები, ჩრდილოეთ კორეის გააქტიურება...

მსოფლიო დიდი არეულობის მოლოდინში?!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42