,,სამი ოთხი დღე გვაქვს კიდევ რომ დაველოდოთ და ვნახოთ საბოლოო პაკეტი, რას წარმოადგნს ხელისუფლება და ამის შემდეგ დატოვება იქნება განსახილველი თემა“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში.
,,თუ უკან არ დაიხევენ პრეზიდენტის არჩევის წესთან და პარლამენტის უკანონო დადგენილ წესთან დაკავშირებით, ამ შემთხხვევაში, ჩვენ ვერ გამოვადგებით მაგ დემოკრატიის ფასადად და დავტოვებთ კომისიას“ - ცხადებს ლეიბორსტი გიორგი გუგავა.
ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას უკვე გამოუცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტიამ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ კომისიის დელეგიტიმაცია უნდა მოახდინოს. ისინი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ფასადისთვის გამოიყენებს ოპოზიციას, რომ ლეგიტიმაციას მიაღწიონ.
,,ქართული ოცნება ცდილობს, კონსტიტუცია მოარგოს ბიძინა ივანიშვილის სურვილებს. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც კომისიაშია წარმოდგენილი უნდა დატოვოს, რითაც საერთაშორისო მასშტაბით მოხდება ამ კომისიის ლეგიტიმაციის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია იქნება მათთვის ფასადი, სწორედ ლეგიტიმაციის მისაღებად.“ - მიიჩნევს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და მიაღწიოს კონსენსუს - ,,ყველა მინუს ხელისუფლება“.
,,ეს არის ძალაუფლების მიტაცების და არა ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუცია. ამიტომ, ჩვენ ვერ მივუთითებთ პარტიებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ გადაწყვიტოს, ის იქნება ამ პროცესის მონაწილე და პასუხისმგებელი თუ ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ქართულ ოცნებას დაუოვებს“ - აცხადებს რესპუბლიკელი თამარ კორძაია.
ქართული ოცნება ბოიკოტის რეჟიმში გადასულ პარტიებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
,,ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის განცხადებები პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტზე მუშაობა ერთ კვირაში უნდა დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






