ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ინდოეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია მიაწოდა. "ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა საერთო განცხადებას მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და ამ განცხადებას ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. ჩვენ მიზნად დავისახეთ, 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება, ორივე მხარის მხრიდან, გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. „საუბარი იყო საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორი მუმბაი-ვანდერა-ბასი-აზერბაიჯანის მიმართულებით. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის - სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის - პორტებზე და ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე დიალოგის მიზნით უახლოეს მომავალში ჩვენი რკინიგზის წარმომადგენლების ვიზიტი დაიგეგმოს და დაიწყონ ამ თემის შესწავლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






