რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სირიაში რუსი სამხედროების გაგზავნის მთავარი მიზანი, რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების დაბრუნების აღკვეთა იყო. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „მირ 24-თან“ ინტერვიუში განაცხდა. „ჩვენი ჯარისკაცები, საერთაშორისო ტერორიზმთან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვიან იმისთვის, რომ ისინი აქ აღარასოდეს დაბრუნდნენ“ - განაცხადა პუტინმა.
აღნიშნული განცხადების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუკავშირდა. დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ პუტინის ეს განცხადება გლობალურ პოლიტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს:
„პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მთავარი ამოცანა სირიაში არის ის, რომ ბოევიკები, რომლებიც იქ ომობენ, არ დაბრუნდნენ რუსეთში. იგი ამას აკავშირებს იმასთან, რომ ტერორისტული აქტივობა რუსეთში არის შემცირებული, მას შემდეგ რაც სირიაში ომი დაიწყო.
პუტინმა როგორც იქნა თქვა რა უნდა, წამოსცდა თუ იმდენად არ აინტერესებს, რომ თქვა.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს: მაგალითად აშშ ამბობს, რომ მისი ამოცანაა, სირიაში იყოს მშვიდობა და დიქტატორი ასადი არ ხოცავდეს მშვიდობიან მოსახლეობას, ეს აშშ-ს დეკლარირებული ამოცანაა სირიაში. ისრაელი ასევე დეკლარირებულად ამბობს, რომ სირიაში მისი ამოცანა არის იყოს მშვიდობა, სირიიდან არ შედიოდნენ მათ ტერიტორიაზე და არ ბომბავდნენ მას, ასევე არ ემზადებოდნენ იქ ბოევიკები, ყველა ქვეყანას, ეს დიდი ბრიტანეთი იქნება, საფრანგეთი, ამერიკა თუ ისრაელი, ყველა დეკლარირებს იმას, რომ მათი მთავარი ამოცანაა, სირიაში იყოს მშვიდობა და მშვიდობიანი მოსახლეობა არ იხოცებოდეს, გენოციდი არ მიმდინარეობდეს.
როდესაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა, სირიიდან ბოევიკები არ დაბრუნდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესია, სირიაში ომი არასდროს დასრულდეს. პუტინი პირდაპირ აცხადებს რომ მას აწყობს ომი. მან თქვა, რომ აწყობს ასადმა მშვიდობიანი მოსახლეობა მოწამლოს. პუტინმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას არ სურს სირიაში ომის დასრულება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მცდელობა იმ ხალხისა, ვინც ამართლებს რუსეთსა და ასადს, არის დაკავშირებული ამ ფრაზასთან. რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც სირიაში სხვადასხვა მხარეებზე ომობენ, ყველაზე მეტი ბოევიკი წასულია რუსეთიდან. ეს კი ყვლა იმ ადამიანმა უნდაგაითვალისწინოს, რომელიც აცხადებს, რომ სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმა იყო პროვოკაცია და ასადს ეს პუტინის დავალებით არ ჩაუდენია და მას ათობით ბავშვი არ მოუწამლავს. პუტინის ეს ფრაზა გლობალურ პოლიტიკაზე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






