ერთი სიტყვით, აპრილი ჩვენი სახელმწიფოსთვის თავისუფოებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება და ამის დასტურად 1978 წლის აპრილის მოვლენებიც გამოდგება - მოგეხსენებათ, მაშინ კრემლმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ლინგვისტური ოკუპაცია-ანექსიაც მოეხდინა და ქართული ენა, უტრირებულად რომ ვთქვათ, ხმარებიდან ამოეღო, რასაც საქართველოს საზოგადოება არ შეურიგდა. სხვათა შორის, ორ დღეში 14 აპრილია - ქართული ენის დღე. ჰოდა, იმასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ საქართველოში ოკუპირებული ენა უნდა ისწავლებოდეს თუ არა, იგივე სოციალურ ქსელში დიდი სჯა-ბაასია გაშლილი. ამ პოლემიკის პროვოცირება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის „ფეისბუქსტატუსმა“ მოახდინა.
„მიხარია, რომ ახალი თაობის უმეტესობამ არ იცის რუსული. ეს ერთგვარი გარანტიაა, რომ „კა-გე-ბე“-ს მეტასტაზები მალე თავისი სიკვდილით განადგურდება. მანამდეა შესანარჩუნებელი ქვეყანა, სანამ ეს თაობა გახდება ამომრჩეველიც და ქვეყნის მფლობელიც,“ - დაწერა ნათია ფანჯიკიძემ 9 აპრილს სოციალურ ქსელში და, როგორც აღვნიშნეთ, მის ამ განცხადებას დიდი განხილვა მოჰყვა.
ზოგადად, ის, რომ მტრის ენა უნდა ვიცოდეთ, ერთგვარად ხალხური ჭეშმარიტებაა. ამას გარდა, კამათი, ალბათ, არც იმაზე შეიძლება, რომ ენას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, თორემ ასე რომ იყოს, მაშინ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს გერმანული, როგორც ფაშიზმის ენა, „კოცონზე უნდა დაეწვა“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, აქცენტი რუსულზე, როგორც კრემლის პოლიტიკურ ენაზე კეთდება. კრემლის პოლიტიკური ენა კი იმაზე საშიში და სახიფათოა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
მაინც, რას გულისხმობდა ნათია ფანჯიკიძე ზემოხსენებულ სტატუში და რატომ ახსენა „კა-გე-ბე“? - ამ კითხვას პასუხი მოგვიანებით თავადვე გასცა:
„რადგანაც 9 აპრილს დაწერილი სტატუსის გამო „ახ, ძვირფასო, ჯვარზე მაგეს“, ზუსტად იგივე სტატუსი დავშალოთ პუნქტებად:
1. მეთანხმებით, რომ 35 წლის ქვევით თაობის 80%-მა რუსული არ იცის? არ უსეირნია რუსეთში და აბსტრაქტული სიტყვებია მათთვის „უფროსი ძმა“.
2. მეთანხმებით, რომ მათი რუსულის არცოდნა ჩემი ბრალი არაა? უბრალოდ, ფაქტია და თუ განიცდით ამ ამბავს, ან გესწავლებინათ ზოგს "მტრის ენის" პრინციპით, ზოგსაც "ძმის" ენის პრინციპით, ან განათლების სამინისტროს ყველა თაობას მოჰკითხოთ ეს დანაკლისი?
3. მეთანხმებით, რომ 35-ის ქვევით თაობისთვის რუსული ისეთივე ერთ-ერთი უცხო ენაა, როგორიც ნებისმიერი სხვა უცხო ენა?
4. მეთანხმებით, რომ 35-ის ზევით თაობის ნახევარმა რუსეთს შინაგანად აპატია ყველა აგრესია? „ძმა“ როგორც არ უნდა მოიქცეს, მაინც ძმაას პრინციპით?
5. მეთანხმებით, რომ შესახედაობა და წარმომავლობა თუ შთაბეჭდილებას არ ახდენს, ქართველების დიდ ნაწილს ტურისტების სიმრავლეც კი ქვეყნის მიმართ აგრესიად ეჩვენებათ, „გაივსო ქვეყანა გადამთიელებით“, ხოლო რუსების მიმართ იგივე დამოკიდებულება არ ჩანს?
6. გამომდინარე აქედან, მეთანხმებით, რომ ახალი თაობა ბევრად ჯანსაღი, გრილი, სუფთა გონების და ემოციის არის და იქნება რუსეთის მიმართ მტრობაშიც და შეყვარებულობაშიც, ვიდრე დღევანდელია და შესაბამისად რუსეთს იმდენივე აგენტი და მომხრე, ან გაუცნობიერებლად კეთილგანწყობილი დასაყრდენი ვერ ეყოლება ათ წელიწადში, ვიდრე დღეს ჰყავს? - ეყოლება იმდენივე აგენტი, ან ცოტა მეტი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას, ვისაც ვჭირდებით?
თუ არ მეთანხმებით, ნერვები არ აიშალოთ. ბოლო შეკითხვა უნდა იყოს, მაძლევთ უფლებას, ვაფასებდე რუსეთის მიმართ 35 წლის ქვევით თაობის გაუცხოება-გაგრილებას ქვეყნის მომავლისთვის დადებით ემოციურ მოვლენად? დავძენ, ლიტერატურაზე არ ვსაუბრობთ, ზეპირად ვიცი რუსული პოეზია და პროზასა და კლასიკურ მუსიკაზეც ძალიან მაღალი აზრის ვარ. ორიგინალში კი სიამოვნებით წავიკითხავდი ყველა სხვაენოვან შედევრებსაც, რომ შემეძლოს.“
ქართული ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო. შეიძლება, მართლაც ასეა, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ იგივე რუსული მშბობლიური ენის რანგში ავიყვანოთ და გავრუსდეთ, მით უმეტეს, „უფროს ძმას“ ჩვენი გარუსების მცდელობა დიდი ხანია აქვს.
ისე, არავინ იცის, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა ქართული ენა, 1978 წელს ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, სტუდენტ-ახალგაზრდობას რომ არ ეაქტიურა. მოგეხსენებათ, 70-იან წლებში საბჭოთა კაშირის დაშლაზე ფიქრიც წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, მაშინდელი პროტესტი რაღაცნაირად სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა, მაგრამ საზოგადოება მზად იყო, უკან არ დაეხია და აკი, არც დაიხია კიდეც, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით, 90-იანელებმა 1978 წლის აპრილის მოვლენებზე არაფერი იციან, რაც მოდით, ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენი განათლების სისტემის ბრალია!
ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ქართული ენა იდევნება. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მაგალითად, გალის რაიონში ქართული აღარ ისწავლება. ამასთან, ქართული ენის მიმართ ხალხი მაინცდამაინც კეთილგანწყობილი ხალხი არც ცხინვალშია. ამას წინათ, ჩემმა ერთმა სტუდენტმა, რომელიც დედით ოსი ჰყავს, მითხრა, ცხინვალსა და მის შემოგარენში ადგილობრივები უმეტესად ოსურად ან რუსულად ლაპარაკობენო. აი, სწორედ ესაა რუსული ენის პოლუტიკის იარაღად გამოყენება, თორემ ხაზგასმით ვამბობ: დოსტოევსკის და პუშკინისა ენასთან საეპრეტენზიო არავის არაფერი გვაქვს.
ზოგადად, გაბატონებული მოსაზრებაა, რომ ორი - კეთილი და ბოროტი რუსეთი არსებობს, თუმცა ესეც სადაო თემაა... თუ მსჯელობას ამ კუთხით გავაგრძელებთ, მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კეთილი რუსეთი ინტელექტუალური საზოგადოებაა, რომელიც კრემლის ოკუპანტურ და დიქტატორულ რეჟიმს რუსეთშივე აპროტესტებს. ასეთი ადამიანები რუსეთში კომუნისტების დროსაც იყვნენ. ავიღოთ, მაგალითად, ბელა ახმადულინა, რომელსაც თავის დროზე მოსკოვში წიგნი ანტისაბჭოთა განწყობების გამო არ გამოუცეს, მაგრამ მას ქართველი მეგობრები, კერძოდ, ჯანსუღ ჩარკვიანი დაეხმარა და წიგნი საქართველოში გამოაცემინა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ იგივე საქართველოს გულშემატკივარი იყო ახლახან გარდაცვლილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკოვი.
მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა რუსული ენა კი არა, რუსეთის პოლიტიკური ინსტემბლიშმენტის იმპერიალისტური ზრახვებია!
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






