მისი თქმით, თეატრს დაფინანსება 10% - ით შარშან შეუმცირდა და ცვლილება მსახიობებთან თავიდანვე შეთანხმებული იყო.
„ხელფასები 10-40%-ით შემცირდა. თეატრში 250 ადამიანი მუშაობს, აქედან ხელფასი 17 ადამიანს დააკლდა, რომელთაგან 13 მსახიობია. ამის შედეგად ჩვენ მთლიანობაში შევინარჩუნეთ დასი და თეატრის სტრუქტურა. თუმცა შრომით კონტრაქტებში გაჩნდა პუნქტი - თითოულ გამოსვლაში ისინი, მსახიობები იღებენ შეუდარებლად მაღალ თანხას.
აუცილებლად მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დეკემბერში ყველა მსახიობთან დეტალურად ვისაუბრეთ, უფროსმა თაობამ პრაქტიკულად მოგვცა შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ახალგაზრდა თაობა, რომელთა ხელფასებიც შეუდარებლად დაბალია. სწორედ უფროსი თაობა დაგვეხმარა იმაში, რომ ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს თეატრის დასისა, შენარჩუნებოდათ თუნდაც ის დაბალი ხელფასი, რაც გააჩნიათ. ამ 13 ადამიანიდან შემიძლია გამოვყო ის ადამიანები, რომელმაც ეს ძალიან დიდი სიხარულით გააკეთეს.
ბუნებრივია, არავის უხარია ხელფასის დაკლება, მაგრამ მათი აზრი იყო, რომ შეგვიმცირეთ ჩვენ, და ხელი არ ახლოთ ახალგაზრდებს, ვინაიდან მათთვის მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია, თანაც ისინი უფრო მეტს მუშაობენ სცენაზე. უკმაყოფილო ადამიანებიც არიან, ქალბატონ ქეთის აქამდე არ უთქვამს, რომ წასვლას აპირებდა, ახლა რომ წავიდა, ეს თქვენგან გავიგე,“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ეკა მაზმიაშვილმა.
ეკა მაზმიშვილი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელფასის შემცირების გამო მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობები სახელფასო ფონდის მკვეთრად შემცირებას აპროტესტებენ. მარჯანიშვილის თეატრსა და თუმანიშვილის თეატრში გაფიცვაზეც ალაპარაკდნენ.
თეატრის უხუცესი მსახიობები კულტურის სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ, მათი თქმით, ბევრ მათგანს 900 ლარიანი ხელფასი 250 ლარამდე დაუყვანეს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ნიშნად მარჯანიშვილის თეატრი ქეთი კიკნაძემ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






