დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დაკავებულია.
როგორც ბიბისი იტყობინება, ის "ისლამისტებთან კავშირშია" ეჭვმიტანილი.
დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა. გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიემართებოდა.
სამართალდამცველების მოსაზრებით, აღნიშნული ინციდენტი საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ მიმართული თავდასხმა იყო.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა. დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს და ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა.
პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, რომლის ავტორებიც აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღეს. გავრცელებული ცნობით, წერილში ნახსენებია, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა, ასევე გერმანული სამხედრო თვითმფრინავების „ტორნადოს“ მონაწილეობა საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება და მათი მებრძოლების მოკვლა.
როგორც გერმანული პრესა წერს, წერილში აღნიშნულია, რომ "ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიასა და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში ისლამური სახელმწიფოს სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".
გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია, რომ ტერორისტები იმ დრომდე იმოქმედებენ, სანამ გერმანია სირიიდან სამხედრო თვითმფრინავებს არ გამოიყვანს და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა Ramstein-ს არ დახურავს".
აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები






