რუსეთის ხელისუფლება სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგების დაფარვის თანამონაწილეა.
როგორც BBC იტყობინება, ამის შესახებ თეთრი სახლის გასაიდუმლოებულ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკული დაზვერვისა და სხვა წყაროების ცნობით, სირიის სამთავრობო არმიამ მომწამლავი ნივთიერება სარინის შემცველი ბომბები საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა.
თეთრ სახლი მიიჩნევს, რომ რუსეთი და სირია მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ.
„მოსკოვი ავრცელებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, საერთაშორისო საზოგადოების დასაბნევად“ - ნათქვამია ანგარიშში.
თუმცა, ბიბისის ცნობით, ანგარიშში აღნიშნული არ არის, იცოდა თუ არა რუსეთმა, იდლიბში დაგეგმილი ქიმიური თავდასხმის შესახებ.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიაში, ჰომსის პროვინციაში ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






