საკითხზე პარტიიდან "ნიუპოსტთან" კომენტარები გააკეთეს ნიკა რურუამ და ნუგზარ წილკლაურმა. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისია ერთი პირის ინტერესებზეა მორგებული. ნუგზარ წიკლაური თვლის, რომ "კომისია ოპოზიციამ სრული შემადგენლობით უნდა დატოვოს, რომ ხელისუფლება საკუთარ თავთან მარტო დარჩეს".
ენმ-ს წევრები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის გაგრძელების ან მისი დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციის შედეგად გადაწყვდება.
"საკონსტიტუციო რეფორმა ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია. ის პროექტი, რაც გუშინ ვნახეთ ასევე უკან გადადგმული ნაბიჯია. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში ჩვენი პოზიცია გამოიკვეთება. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს არავინ, ვისაც ძალიან კრიტიკული შენიშვნები არ ჰქონდეს კომისიასთან დაკავშირებით.
რას გააკეთებენ სხვა პარტიები ვერ გეტყვით. თუმცა იმდენად ოდიოზურია ეს პროექტი, რომ ვფიქრობ ხელისუფლება საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს, იმიტომ რომ არავის ინტერესებს, არც დემოკრატიის, არც ქვეყნის განვითარებას ეს პროექტი არ ემსახურება. ის ემსახურება მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ცხოვრების ჩაკვლისთვისკენ არის მიმართული, ვიდრე იმისაკენ, რომ საქართველო, რომელიც უახლოვდება ევროპას, თავისი ცხოვრებით ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს განვითარებული, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მომხრეა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი ნიკა რურუა.
"საკითხზე დღეს გვექნება მსჯელობა, ამიტომ ნაადრევად, ყველას მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი პოზიციით, ვნახოთ გაიზიარებს თუ არა ამას ჩემი მრეგობრების უმრავლესობა. ჩვენ უნდა დავტოვოთ კომისია, ვინაიდან რეალურად ეს კომისია ემსახურება ერთ რაღაცას: რომ შექმნას სათავისო, ივანიშვილისთვის, ოლიგარქიაზე მორგებული კონსტიტუცია, რომელიც რეალურად მათი მავნებლური მმართველობის პირობებს უვადოდ შექმნის.
მოგეხსენებათ კანონის უზენაესობა რაც არის: კონსტიტუცია უზენაესი კანონია - ამ ტერმინს ისინი ანაცვლებენ, (ეს არ არის სიტყვების თამაში) -"კანონით უზენაესობით", მათი გათვლაა მიიღონ ისეთი კანონები, რომლითაც სიტუაციის უპირობო მმართველები თავად გახდებიან. ანუ "კანონის უზენარსობას" ჩაანაცვლებს "კანონით უზენაესობა". ეს პოლიტოლოგიაში ცნობილი მოვლენაა და ახასიათებს ავტორიტარულ, ოლიგარქიულ რეჟიმებს. ამასთან გვაქვს საქმე. ცხადია, ამაში მონაწილეობა და მათთვის ამ ჩანაფიქრის ლეგიტიმაცია არავის არ უნდა.
საერთოდ კონსტიტუციური კომისიები, მუშაობენ წლობით და ძალიან ფართო კონსენსუსის საფუძველზე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მსგავსი რამ არ არის, ეს კომისია არ არის დაკომპლექტებული ისე ფართოდ, როგორც ამას საჭიროებს თვითონ სიტუაციის სერიოზულობა და უფრო პოლიტიკური იარაღია, ვიდრე რეალურად სამართლებრივი. მე პირადად ვისურვებდი რომ კომისია დაგვეტოვებინა"- განაცხადა ნიკა რურუამ.
"ნიუპოსტი" "ევროპული საქართველოს" პოზიციითაც დაინტერესდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, საკითხზე კომენტარი დღის განმავლობაში გაკეთდება.
,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით კი , პარტიაში ამასთან დაკავშრებით გადაწყევტიელბა 12:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
ოპოზიცია არ ეთანხმება მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესსა და მისი უფლებების შეზღუდვას.
მასალის გამოყენების პირობები






