ძალიან უცნაური და კომიკური იყო ადა მარშანიას გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში საპრეზიდენტო დებატებზე. ტრადიციული პოლიტარტისტიზმი თითქოს მას არ აკლდა, პათეტიკური ტონი, ადგილ-ადგილ ხმის ტემბრის გაძლიერება თუ გულგრილ კოლეგებზე მრავლისმეტყველად თვალის გადავლება მარცხნივ თუ მარჯვნივ. მრავალპუნქტიანი ,,შპარგალკაც“ დამაჯერებლობის და სოლიდურობის იერს ქმნიდა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი საკმაოდ უღიმღამოდ გამოუვიდა. ვერავინ გაიგო, რისი თქმა სურდა ან ვის რას ერჩოდა.
თუმცა ერთი ადგილი მაინც საყურადღებო იყო ამ გამოსვლიდან. ,,დღეს აფხაზეთში 10 ქორწინებიდან 8 სომხურ-აფხაზურია“, - წარბშეუხრელად შეგვირაცხა დეპუტატმა ერთ-ერთ ,,სიმართლედ“.
მთელი საინფორმაციო სივრცე თავდაყირა რომ დააყენო, ასეთ მონაცემს ვერსად იპოვი. რუსული, სომხური ან ადგილობრივი წყაროები ამას არ ადასტურებენ არც სტატისტიკური მონაცემებითა და არც ჩატებში. რეალურად ასეთი ვითარება მანდ არ არის.
საზოგადოდ, ეს ორი თემი ამ თვალსაზრისით საკმაოდ ჩაკეტილია. ადრე აფსუათა შერეული ქორწინებები არცთუ ცოტა ქართველებთან იყო, მაგრამ ეხლა სხვა რეალობაა. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი პირწმინდად ეთნოკრატიულია. იქაური პატრიციებისათვის გალის მოსახლეობა ძალიან დაბალი სოციალური დონეა, მათზე მომუშავე უუფლებო მონებია და მათთან ქორწინება სათაკილოა. მათში შერეული ქორწინებების ხვედრითი წილი არ ისე დიდია, ძირითადად რუსებთან და ჩრდილო კავკასიელებთან.
მაშ, საიდან მოიტანა ქალბატონმა ადამ ეს მტკნარი ტყუილი. უდავოდ საკუთარი პარტიიდან. ამ რუსულმა რეზიდენტურამ ათასნაირად უკირკიტა ოკუპაციის კანონსა და აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის საკითხს, ათასნაირად უგორა ივანიშვილს ამ საქმეებში, მაგრამ საზოგადოების გული მაინც ვერ მოიგო. მძვინვარე უმეცრებამ ისინი სასაცილო პერსონაჟებად აქცია და ვერც დემაგოგიაში გაიწაფნენ საკმარისად. ამიტომ პატრონებთან თავის გამოჩენა ახალი, გამოგონილი სომხური თემით იფიქრეს. მათი ,,ნოვაცია“ კი ის გახლავთ, რომ აფხაზეთის პრობლემატიკაში რუსეთის მოკავშირე სომხეთი უნდა შემოვიყვანოთ და ეხლა მათ ველოლიავოთ 80-პროცენტიანი დემოგრაფიული ბერკეტის გამო. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ქ-ნ მარშანიას სიტყვებში ძალიან ცხადად იგულისხმებოდა, რომ სანაცვლოდ სომხეთის ინტერესებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, ანუ რკინიგზა.
,,პატრიოტთა“ ახალი ,,რებუსის“ გაგრძელებას უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ, რადგან რუსული სურვილების მოწოდება მათი პირდაპირი მოვალეობაა. თანაც ჰქონიათ, რომ ტყუილების დაჯერებისაკენ ვართ ძლიერ მიდრეკილი, არცთუ უსაფუძვლოდ.
მათი დეპუტატობა ხომ დავიჯერეთ.
მასალის გამოყენების პირობები






