„ჩემი გამოსვლის ძირითადი ნაწილი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერი, არ იმიტომ, რომ მე აღფრთოვანებული ვარ მისით, არამედ მე მინდა მხარი დავუჭირო იმ ინსტიტუტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გახლავთ ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არაფორმალური მმართველის მხრიდან არ კონტროლდება. მე მინდა თავიდანვე განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, გულთმისნის, ჩიტიანის და უჩიტოს გასაგონად რომ არანაირ პოლიტიკურ ალიანსს არ განვიხილავთ ბატონ მარგველაშვილთან. ქვეყანაში დარჩა მხოლოდ სამი ინსტიტუცია, პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და რუსთავი 2, სამივე არის სახელისუფლებო შეტევის ქვეშ. სწორედ ამიტომ მე არ დავიწყებ პრეზიდენტის გამოსვლის კრიტიკას, მაგრამ ვისურვებდი პრეზიდენტი ყოფილიყო უფრო მეტად კონკრეტული არა მხოლოდ მის სიტყვებში არამედ მის მოქმედებებშიც, მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა სასამართლო თემაზე, მე ვიზიარებ მის შეფასებას რომ სასამართლო კრიზისშია და ეს არის არა მხოლოდ ინსტიტუციონალური არამედ ნდობის კრიზისიც საზოგადოების თვალში. აღწერა ნამდვილად სწორი და ადეკვატური იყო პრეზიდენტის მხრიდან , მაგრამ ვისურვებდი რომ მას გამოეყენებინა ისტორიული შანსი, რომელიც მას ქონდა სასამართლო სისტემაში ვითარების მოსაბრუნებლად და ვისურვებდი რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატები სასამართლოში ყოფილიყვნენ იმავე პოზიციის გამზიარებლები, რომ სასამართლოს მეტი თავისუფლება და ცვლილება სჭირდება. როდესაც თქვენ სასამართლოს ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავთ და მათგან არის დუმილი, ეს დუმილი არის იმიტომ რომ თქვენი წარდგენილი კანდიდატები სასამართლოში ძალიან სწრაფად გახდნენ ნაწილი იმ კლანური სისტემის, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს და რომელიც მზადაა საკუთარი კეთილდღეობისთვის ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულოს.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






