“ევროპული საქართველო” პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისშემდგომი დებატების ერთ-ერთ საკვანძო საკითხად იმ პრობლემებზე საუბარს მიიჩნევს, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ესაა საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა, შემოსავლების კლება.
“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ყველა ამ პრობლემის გასაღები იქნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაზრდიდა შემოსავლებს თითოეულ ოჯახშიც და სახელმწიფო ბიუჯეტშიც, თან ისე, რომ არ გახდებოდა საჭირო გადასახადების გაზრდა, რაც, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” უკვე გააკეთა, როდესაც გაზარდა აქციზი საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე.
“ქართული ოცნების” მიერ საწვავზე გადასახადის გაზრდამ ახალი ბიძგი მისცა პროდუქტზე ფასების ზრდას, რომელიც ისედაც უკვე იყო ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ამაზე მთავრობა ეროვნულმა ბანკმაც გააფრთხილა. სამწუხაროდ, მთავრობამ არავის გაფრთხილება არ შეისმინა და თებერვალ-მარტში ინფლაცია გასცდა სამიზნე 4%-ს და 5.5% შეადგინა.
ამ საყოველთაო გაჭირვებაში, როდესაც დასაქმება არ მატულობს, არ იზრდება შემოსავლები, მთავრობა არ ზრდის პენსიას და საარსებო შემწეობას ართმევს ათიათასობით გაჭირვებულ ადამიანს, ფასების ზრდისა და პროდუქტის გაძვირების გამო ოჯახების შემოსავალი ვეღარ წვდება ელემენტარულ საჭიროებებსაც კი.
აქამდე ქვეყანა “ქართული ოცნების” მიერ გადასახადების ზრდამ, ბიუჯეტის გაბერილმა ხარჯებმა, მთავრობის სიხარბემ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ მიიყვანა. “ქართული ოცნება” არ ზრდის პენსიას, სამაგიეროდ, ყოველწლიურად იზრდება სამთავრობო ხარჯი, ჩინოვნიკების კომფორტი და კეთილდღეობა.
უფრო მეტიც, “ქართულმა ოცნებამ” არა მხოლოდ დღეს ჩაუყო ხელი ჯიბეში დღევანდელ თაობებს გადასახადების გაზრდით, არამედ ვალების უპასუხისმგებლოდ აღებით ჯიბეში ხელს უყოფს მომავალ თაობებსაც. სამთავრობო ვალმა შევარდნაძის პერიოდის სავალალო რეკორდი მოხსნა და 44% შეადგინა.
მთავრობა ბღუჯა ლარს დასდევს ხალხის ჯიბეში, თვითონ კი არ უნდა, მოიკლოს კეთილდღეობა, რომ სწორედ მეტი ფული დარჩეს ხალხს, ადამიანები დასაქმდნენ, გაიზარდოს შემოსავლები, გაიზარდოს კეთილდღეობა.
“ევროპულმა საქართველომ” შემოგთავაზათ მკაფიო და კონკრეტული გეგმა, როგორ დავეხმაროთ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და დასაქმების ძირითადი წყაროა.
“ევროპული საქართველოს” გეგმით:
უნდა განახევრდეს აქციზი საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე
ვისაც დღიურად 270 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, არ დაიბეგროს საერთოდ
ვისაც დღიურად 550 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, არ გადაიხადოს დღგ
საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 20-დან 15%-მდე, ხოლო განაწილებული მოგებისა - 15-დან 10%-მდე
“ევროპული საქართველოს” მიერ შემოთავაზებული ნაბიჯების გადადგმა დიდი შეღავათი იქნებოდა ათასობით პატარა მაღაზიის, კვების ობიექტის, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობის, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სამრეცხაოს, სახერხისა და სხვა წვრილი საწარმოსათვის.
“ევროპული საქართველოს” მიერ შემოთავაზებული ეს ნაბიჯები გაზრდიდა დასაქმებას, დაასტაბილურებდა ფასებს, შეამცირებდა საყოველთაო გაჭირვებას. მაგრამ ამის გაკეთებას სჭირდება ერთი რამ: მთავრობამ უნდა დაძლიოს თავისი სიხარბე, მოიკლოს თვითონ და კეთილდღეობისაკენ გაუხსნას ხალხს გზა.
ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებელია ისე, რომ არ შევეხოთ განათლების, ჯანდაცვის, პოლიციისა და ჯარის ხარჯებს. უფრო მეტიც, თუ მთავრობა ამ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც “ევროპული საქართველო” გთავაზობთ, მეტი ფინანსები გაჩნდება საიმისდო, რომ პენსია გაიზარდოს, ჯარს და პოლიციას მიეხედოს, მომავალმა თაობებმა უკეთესი განათლება მიიღონ, სოციალურად დაუცველი ათიათასობით ადამიანი კი ყოველთვიურად საარსებო შემწეობის გარეშე არ რჩებოდეს.
ეს უნდა გააკეთოთ.
ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ.
გაჭირვება და სიდუხჭირე, რომელიც მე-5 წელია იზრდება, გაიძულებთ, რომ ეს გააკეთოთ"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამანტში.
მასალის გამოყენების პირობები






