"დღეს ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დგას" - ამბობს დეპუტატი.
სამადაშვილი "ოლიგარქიულ მმართველობაზე" საუბრობს.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველო ძალიან სწრაფად ემსგავსება პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთ გაუგებარი პოლიტიკური სისტემის, ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანას, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს არა ხალხი და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები, არამედ ადამიანი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა საზოგადეობის წინაშე არ გააჩნია და რეალურად იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ამ ქვეყნის ფუნდამენტურ საკითხებს. კატასტროფულად ეცემა საზოგადოების მხრიდან ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ"- განაცხადა სამადაშვილმა
მისი განცხადებით, პოლიტიკური თუ პირადი შურისძიების გამო, დღეს ღიად და დაუფარავად ადამიანებზე ქუჩებში ნადირობენ.
სამადაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებიც გააკრიტიკა.
„ბიძინა ივანიშვილი და მისგან მართული პოლიტიკური პროექტი ქართული ოცნების სახით ცდილობს, რომ ქართველ ხალხს შეუქმნას უსუსურობის განცდა. შეუქმნას მათ განცდა იმისი, რომ ისინი უძლური არიან სახელმწიფოს წინაშე და მათ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვთ არც პოლიტიკურ პროცესთან, არც იმ გადაწყვეტილებებთან, რომელსაც იღებს პარლამენტი და არც იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ახორციელებს აღმასრულებლი ხელისუფლება... დავითსა და გოლიათს შორის ბრძოლაში სუსტმა შეიძლება, გაიმარჯვოს და სწორედ, ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეს გზავნილი ამ ხალხს ამ დარბაზიდან უნდა გაეგო უფრო ხმამაღლა და უფრო მკაფიოდ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, უსუსურობის განცდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც უღრმავებს მოსახლეობას, რის შესახებაც, მისი შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები არ ყოფილა.
„ამის შესაძლებლობას რუსეთს აძლევს ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც პრაგმატული პოლიტიკის საფარქვეშ ჩვენს ქვეყანაში იზრდება რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ამისთვის ქვეყანას ესაჭიროება გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები. მე ვფიქრობ, კონსტიტუციის მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, იმიტომ რომ თავად ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ანვითარების შანსი არ აქვს “, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






