მინისტრმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში იჩენენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნატოს სტრატეგიული გეგმის ადეკვატურად მოქმედებს. ლევან იზორიას განცხადებით, ქვეყნის ურყევი არჩევანი ალიანსში გაწევრიანებაა. მან დეტალურად განიხილა ის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აპირებს.
მოხსენებაში ლევან იზორიამ დიპლომატების ყურადღება რეფორმის ოთხ ძირითად მიმართულებაზე შეაჩერა: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა, რეგიონული უსაფრთხოება, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა და რესურსების სწორი გადანაწილება.
მინისტრმა ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა და აღნიშნულ კონტექსტში ნატოს „ღია კარის პოლიტიკასა“ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი ალიანსის, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს და მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს.
გამოსვლის დასკვნით ნაწილში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი ნატოსთან კოორდინაციაში მიმდინარეობს და არსებულ გამოცდილებას ეფუძნება.
დიპლომატებმა მინისტრის მოხსენება დადებითად შეაფასეს და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.
დიპლომატებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.
უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა „ნატოს დღეების“ ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






