ზოგადად, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქმეების დეტალები, როგორი ობიექტური გამოძიებაც უნდა ჩატარდეს, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება ხოლმე და ამას მსოფლიო პრაქტიკაც მოწმობს. შესაბამისად, სასამართლომ „ციანიდის საქმის“ ფიგურანტი დამნაშავედაც რომ სცნოს, ალბათ, სრული სურათი მაინც არ გვეცოდინება, თუ რა და რატომ ხდებოდა, მაგრამ ამჯერად, ამ კუთხით მსჯელობას არ გავშლით და ამ საქმის პოლიტიკურ ასპექტებზე შევჩერდებით.
დასამალი არავისთვის არ არის, რომ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები საეკლესიო პირებსაც აქვთ. ამას მოწმობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სასულიერო პირების აქტივობა ,,ოცნების“ სასარგებლოდ, რომელიც ღია და დაუფარავ სახეს იღებდა. ისინ, ვინც არ გამოირჩეოდნენ ივანიშვილის სასარგებლო კამპანიით, მათ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულს უწოდებდნენ და ხშირ შემთხვევაში კრიტიკასაც არ აკლებდნენ. ასე, მაგალითად, ხშირად საუბრობდნენ, რომ იგივე ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე (ცაავა) წინა ხელისუფლების მიმართ გარკვეული ლოიალობით გამოირჩეოდა და ამის გამო „ოცნების“ ხელისუფლების გარკვეული შტო, მინიმუმ, არასაჯაროდ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ჩახედულმა ადამიანებმა ისიც იციან, რომ მეუფე პეტრე იგივე ოთარ დანელიას ახლობელია, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა და რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული რაიონების მაჟორიტარობა მოიგო.
მართალია, დანელია მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, მაგრამ მედიაში იმასაც წერდნენ, რომ მის გამარჯვებაში ლომის წილი მეუფე პეტრეს ავტორიტეტმა შეიტანა. ზოგადად, იმასაც ამბობენ, რომ დანელია, რომელიც საქართველოს დიპლომატიური აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის კურსდამთავრებულია, „ოცნების“ მთავრობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ქვოტით მოხვდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მთელი ამ ამბის ინტრიგა, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ის გახლავთ, რომ დანელიას დაევალა, ისე მოეხერხებინა, რომ მეუფეს საჯარო განცხადებები აღარ გაკეთებინა. უფრო ადრე კი იგივე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი დაესაჯათ და ზუსტად ამ ნიადაგზე ავტომობილი „ნივა“, რომელიც ეპარქიას მუნიციპალიტეტისგან იჯარით ჰქონდა აღებული, ჩამოართვეს.
ზოგადად, ამ „ნივის“ ჩამორთმევა ძალიან საინტერესო დეტალია. კერძოდ, ის, რომ „ნივა“ გამგეობამ ეპარქიას 7 წლის წინ აჩუქა და ავტომობილი 5 სოფელში არსებულ ტაძრებს ემსახურებოდა. ბერები მას საკვების მოსამარაგებლად იყენებნდნენ. ნაჩუქარ ნივთებს უკან, როგორც წესი, არ ითხოვენ ხოლმე, მაგრამ „ნივის“ უკან დაბრუნება გამგეობამ, როგორც თავის დროზე ბერებმა განაცხადეს, ალბათ, იმიტომ მოითხოვა, რომ მეუფემ ხმამაღალი საჯარო განცხადებები გააკეთა. ,,დასკვნა თავად გამოიტანეთ“ - გვითხრა მეუფემ ამ თემის კომენტირებისას.
„ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჩვენი იყო. საბუთში დაფიქსირებული იყო ჩუქება. ვიყენებდით, ვუვლიდით, როგორც ჩვენს საკუთარს. გუშინ გავიგეთ, რომ თურმე უკან უნდა დავაბრუნოთ. მახსენდება ჩემი ბავშვობა. მეზობლის ბავშვს მოჰქონდა სათამაშოები და ერთად ვთამაშობდით. კინკლაობისას, გაგვებუტებოდა ხოლმე, მოხიკავდა სათამაშოებს და მიჰქონდა, შემდეგ კი ჩვენთან შერიგება ძვირი უჯდებოდა“, - თქვეს „ნივის“ წართმევის შემდეგ მამაოებმა.
,,მეუფის განწყობები ხელისუფლებისთვის უცხო არ ყოფილა და სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამას ყურადღებას არც მიაქცევდა, მაგრამ „ციანიდის სკანდალმა“ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცა“, - ეუბნება „ნიუპოსტს“ ინფორმირებული წყარო, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, დღის წესრიგში ოთარ დანელიასთვის „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“ დგას, ანუ „ნიუპოსტის“ ფარული რესპონდენტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მეუფე მწვავე საჯარო განცხადებების გაკეთებას კიდევ გააგრძელებს, პოლიტიკურად ოთრ დანელია დაისჯება.
„როგორც ვიცი, ამას წინათ, ეკა ბესელიამ დანელიას უთხრა, რა გახდა ეს პეტრე, რით ვერ გააჩუმეო და ისიც დასძინა, რომ მეუფის გაჩუმების დირექტივა საპატრიარქოდან მოდისო. დანელია, რამდენადაც მე ვიცნობ, აგრესიული ტიპი არ არის და არც კონფლიქტებით გამოირჩევა. ამიტომ, ახლა, როგორც იტყვიან, შავ დღეშია - ვერც მეუფეს ეუბნება რამეს, რადგან ახლობელია და არც ის უნდა, რომ თავის პოლიტიკურ გუნდთან გაიფუჭოს ურთიერთობა. ისე, იმაზე მეტი ურთერთობის გაფუჭება რაღა უნდა იყოს, რომ კაცი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. მართალია, ახლა პარლამენტის აგრარულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს მინისტრობის შემდეგ მაინც ჩამოლაბორანტებაა, რადგან დეპუტატები, როგორც წესი, იმის მცდელობაში არიან, რომ აღმასრულებელ ხეისუფლებაში გადაინაცვლონ. დანელიას შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ახლა, ვერ ვიტყვი, რომ დანელია აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინცდამაინც მეუფის გამო აღარ დააბრუნეს, მაგრამ მის მიმართ რომ მთლად კეთილგანწყობა არ არსებობს, ეს ნათელია,“ - ამბობს ნიუპოსტის ინკონგნიტო რესპონდენტი, რომელიც გონივრული ეჭვის საფუძველზე არც იმას გამორიცხავს, რომ ჭყოდნიდის ეპარქიაში მრევლის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც „ოცნებასთან“ ასოცირდება, ხელისუფლების დავალებით მეუფის წინააღმდეგ აქციები მოეწყოს. თუმცა, ამის მსურველებმა იციან რა მეუფის ავტორიტეტი, ფრთხილობენ, რადგან მიუხედავად მრევლის ნაწილის ,,ოცნებისტური“ განწყობისა, ისინი ჭყონდიდელი ეპისკოპოსის მიმართ კარგად არიან განწყობილი და მეუფის მიმართ მოწიება გაანიათ.
მასალის გამოყენების პირობები






