ლევან იზორიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა
პოლიტიკა - 18:04, 04 Apr, 2017     1153
ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა. მომავალ ოფიცრებთან მინისტრის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 68 წლის იუბილეს სიმბოლურად დაემთხვა.

„ნატოს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის რეფორმები“ - ლევან იზორიას საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო. საუბრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ნატოში გაწევრიანებაა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ აპირებს საქართველო მიზნის მისაღწევად, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გამოწვევებს გაუმკლავდეს. მინისტრი ნატოს არსებობის მანძილზე ორგანიზაციის წინაშე არსებულ ამოცანებსაც შეეხო და აღნიშნულ კონტექსტში ალიანსის „ღია კარის პოლიტიკაზე“, მეზობელი ქვეყნის მიერ რეგიონში განხორციელებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

ლევან იზორიამ ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს და ქვეყნის, ასევე ალიანსის წინაშე არსებულ სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს. ამ კონტექსტში მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო და განსაკუთრებით გამოყო - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებები, მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლევან იზორიამ ყურადღება რეზერვის სისტემის შექმნასა და შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის აღდგენაზეც გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრის საჯარო ლექციის შემდეგ იუნკერების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე წარსდგა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და საქართველო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, დაწინაურებულ კატეგორიაში მოიხსენა. მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც შეეხო. ვიქტორ დოლიძემ საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით თვისობრივად განსხვავებულ და ახალ ეტაპზე იმყოფება. მან განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო და აღნიშნა, რომ მინისტრის მიერ უწყებაში გადადგმული ნაბიჯები რთული, მაგრამ რევოლუციური და მნიშვნელოვანი იყო.

მინისტრების საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების შეკითხვები, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, სამხედრო-სამოქალაქო განათლების ერთობლიობის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიცაზიის კონტექსტში მიგრაციის თემას შეეხო.

ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს. საჯარო ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე ერეკლე ჩიგოგიძე და წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.

მინისტრების უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებაში ვიზიტი „ნატოს დღეებთან“ იყო დაკავშირებული, რომელიც 2 აპრილს დაიწყო. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება და მიზნად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42