აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება.
პრემიერის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის - იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით.
"ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში - იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ორიოდე საათის მანძილზე იყოს შესაძლებელი - იქნება ეს კურორტები, ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თუ თელავის აეროპორტი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რიკოთის საავტომობილო გზის მასშტაბურ პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები






