გიგა კვერენჩხილაძე, „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი: - კი ბატონო, კანონში სიტყვა „დემპინგი“ ნახსენები არაა, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით, პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია შეზღუდულია, რაც სხვა არაფერია, თუ არა ანტიდემპინგური ღონისძიება. უბრალოდ, საქართველოს კანონმდებლობაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს ტერმინი არაა გამოყენებული, თორემ კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლი ერთი ან რამდენიმე დომინანტი კომპანიის, ანუ დომინანტი ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანი ფასის დაწესებას პირდაპირ კრძალავს. არასამართლიანი ფასი კი, ამ შემთხვევაში, თვითღირებულებაზე დაბალი ფასია.
- თუ კონკურენციის კანონში ასეთი აკრძალვა, ასე ვთქვათ, გაწერილია, მაშინ იგივე „ფილიპ მორისმა“ თვითღირებულებაზე დაბალი ფასი როგორ დააწესა?
- საქმეც მაგაშია, რომ კომპანიამ კანონმდებლობა დაარღვია, ოღონდ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მოკლედ, ჩვენთან კონკურენციის კანონი არსებობს, რომელიც მონოპოლიურ, ასევე, არასამართლიან ფასებს ებრძვის.
- არასამართლიან, ანუ დემპინგურ ფასს, როგორც ვიცი, მტაცებლურ ფასსაც უწოდებენ, არა?
- კი ბატონო. სხვათა შორის, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სწორედ „მტაცებლურ ფასს“ იყენებს. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის კანონის მე-5 მუხლში პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია სიგარეტის ნაწარმის თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად რეალიზება.
- რაკი კანონით ყველაფერი ეს აკრძალულია, ესე იგი, შესაბამისი უწყებაც უნდა არსებობდეს, რომელიც კანონდამრღვევს, მინიმუმ, შენიშვნას მისცემს, არა?
- იცით, როგორაა? მან, ვისაც ზიანი ადგება, უნდა იჩივლოს და „თბილისის თამბაქომაც“ ამიტომ იჩივლა. გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ სიგარეტის იმპორტიორი კომპანიებიც ისევე უნდა დააჯარიმოს, როგორც თავის დროზე ნავთობიმპორტიორები დააჯარიმა. ისე, აქ ლაპარაკი მხოლოდ „ფილიპ მორისზე“ არაა. საერთო ჯამში, სამი მსხვილი იმპორტიორია, რომლის წილიც ბაზარზე 50 პროცენტზე მეტია.
- და ამ სამი მსხვილი იმპორტიორიდან მტაცებლური ფასებით მხოლოდ „ფილიპ მორისი“ გამოირჩევა, ანუ „თბილისის თამბაქო“ მხოლოდ ამ კომპანიას რატომ ედავება?
- ჩვენ იმ კომპანიას ვედავებით, ვისზეც მონაცემები გვქონდა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ დავა სხვა იმპორტიორთანაც დავიწყოთ.
- მაინც, რომელ იმპორტიორთან?
- ამას ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ გარწმუნებთ, ახალ დავებს აუცილებლად დავიწყებთ. ისე, „ფილიპ მორისს“ 2013-დან 2015 წლამდე მონაკვეთზე ვედავებით. რაც შეეხება შემდგომი პერიოდის დარღვევებს, გიანონსებთ, რომ ახლო მომავალში სარჩელს 2015 წლის შემდგომ განხორციელებული დემპინგური ფასების გამო მოყენებულ ზიანზეც შევიტანთ.
- ბატონო გიგა, მე, როგორც მომხმარებელს, ცხადია, მირჩევნია, ესა თუ ის პროდუქტი, იგივე სიგარეტი იაფად ვიყიდო. ასე რომ, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმე უცხოური კომპანია მტაცებლური ფასებით ვაჭრობს თუ არა?
- თუკი სიგარეტის იმპორტიორი კომპანიები სიგარეტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ალტრუისტული მოტივით ყიდიან, მაშინ თქვენს ლოგიკას არსებობის უფლება ექნება, მაგრამ ალბათ, დამერწმუნებით, რომ ასეთი კეთილშობილური მიდგომა არ არსებობს.
- რატომ?
- რატომ და, თუკი მტაცებლური ფასები გაგრძელდა, წვრილი კომპანიები აუცილებლად გაკოტრდებიან. შესაბამისად, როცა ბაზრიდან წვრილ კომპანიებს გააძევებენ, მსხვილი კომპანიები ამ დაბალ ფასს მოსახლეობიდან, როგორც იტყვიან, ერთი-ორად ამოიღებენ, ანუ თუკი დღეს რაღაცაში, ვთქვათ, 50 თეთრს აგებენ, ხვალ იგივე პროდუქტს ერთი ლარით მეტად გაყიდიან და მოგებასაც ნახავენ. დემპინგის არსიც სწორედ ესაა. მოკლედ, რამდენადაც დემპინგი მძაფრდება, ქართულ ბაზარზე ქართული კომპანიების წილი იმდენად მცირდება, უცხოური კომპანიების კი იზრდება. მაგალითად, დღეს ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი ქართული კომპანიების წილი თითქმის 6 პროცენტამდეა ჩამოსული და თუკი ყველაფერი ეს არ შეჩერდა, მალე გავქრებით და უცხოური ექსპორტიორები ბაზრის ასივე პროცენტს დაეუფლებიან და მორჩა, ამის მერე იმ ფასს დააწესებენ, რაც უნდათ.
- ისე, ბატონო გიგა, მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ დემპინგს, როგორც წესი, ადგილობრივ ხელისუფლებებში მფარველები ჰყავს ხოლმე. მსგავსი დაშვება საქართველოში გამორიცხულია?
- გამორიცხული არაფერია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლებიდან ამ იმპორტიორებთან დაკავშირებული არავინაა. ყოველ შემთხვევაში, ამის მონაცემები არ მაქვს. ისე, კონკურენციის სააგენტოს კვლევა ნაწილობრივ მაკვირვებს.
- რატომ?
- კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, რომელიც სიგარეტის ბაზრის სამწლიან მონიტორინგს მოიცავს, აღნიშნულია, რომ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზაციის არაერთი ფაქტი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლოს, დასკვნაში აღნიშნულია, მართალია, სიგარეტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდებოდა, მაგრამ ეს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა არ არისო. არადა, დარღვევაა, რადგან მხოლოდ პირდაპირ კონკურენციის კი არა, თამბაქოს შესახებ კანონის მეხუთე მუხლიც ირღვევა. სწორედ ამიტომაც, ყველა, ვინც ამ საქმის მასალებს, იგივე კონკურენციის სააგენტოს კვლევას იცნობს და მაინც იმპორტიორების მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, ვეჭვობ, ანგაჟირებულია და, უბრალოდ, ამ იმპორტიორებს ლობირებს. ლობირება კი, თუ კონკრეტული ინტერესი არ არსებობს, ლამაზი თვალების გამო არასოდეს ხდება!
სხვათა შორის, ჩვენი კი არა, თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდანაც ჩანს, რომ კანონი ირღვეოდა.
- რა დოკუმენტებს გულისხმობთ?
- რას და, - კონკურენციის სააგენტოს კლევას, რომელიც სასამართლოში თავად „ფილიპ მორისმა“ წარმოადგინა, თუმცა დღემდე ვერ ვხვდები, ეს კვლევა მტკიცებულებად რატომ მოიტანა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ამ დასკვნაში რა ეწერა და ამიტომ ამ დასკვნის მტკიცებულებად მიღების წინააღმდეგი წავედი, მაგრამ რომ მცოდნოდა, აუცილებლად დავეთანხმდებოდი. მოკლედ, ამ დასკვნაში ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, თავიდან ბოლომდე დამტკიცებულია.
- ანუ, მთავარი მტკიცებულება, რომელიც თქვენს სიმართლეს ადასტურებს, კონკურენციის სააგენტოს დასკვნაა?
- არა, სხვა არაერთი მტკიცებულებაც არსებობს, მაგალითად, საბაჟო-საგადასახადო დოკუმენტაცია, ზედნადებები და ა. შ.
სხვათა შორის, „ფილიპ მორისს“ მხოლოდ ერთ სეგმენტში ვედავებით, ანუ ბაზარზე სიგარეტის ქართული მწარმოებელი სულ ორი-სამია, აქედან, ერთ-ერთი მსხვილი „თბილისის თამბაქოა“, რომლის მიერ წარმოებული „პირველიც“ იმ ტიპის სიგარეტის კონკურენტია, როგორიცაა, მაგალითად, „ბონდი“. 2013 წლის მდგომარეობით, ქართულ კომპანიებს ბაზარზე წილის 35 პროცენტი ეჭირათ. აქედან, დაახლოებით, ნახევარი „თბილისის თამბაქოსი“ იყო, მაგრამ 2013 წლიდან „ფილიპ მორისი“ და სხვა იმპორტიორები სიგარეტის რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იწყებენ...
- როგორც კი მტაცებლური ფასის პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა, ამისთვის კონკურენციის სააგენტოს ყურადღება ხომ უნდა მიექცია?
- სამწუხაროდ, არათუ ყურადღება მიაქცია, არამედ, კვლევა ჩაატარა და მტაცებლური ფასები გამოავლინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კურიოზული დასკვნა დადო, დარღვევა არის, მაგრამ ამის გამო პასუხს ვერ მოვთხოვთო.
- არსებობს ალბათობა, რომ კონკურენციის სააგენტოს იმპორტიორები პასუხისმგებლობისგან მერკანტილური მიზეზით გაეთავისუფლებინა?
- ეჭვი ჩნდება, თუმცა მტკიცებულება არ მაქვს და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. მოკლედ, კონკურენციის სააგენტოს კვლევის თანახმად, 2014 წელს, „ბონდის“ თვითღირებულება 24 მილიონ 835 ათასი ლარია, რეალიზაცია კი 23 მილიონ 885 ათასს შეადგენს, ანუ ერთი მილიონით დაბალ ფასშია გაყიდული. 2015 წელს ვითარება კიდევ უფრო კატასტროფულია: თვითღირებულება 49 მილიონ 121 ათასი ლარია, რეალიზაცია - 45 მილიონ 757 ათასი, ანუ ოთხი მილიონით დაბალ ფასშია გაყიდული. ვიმეორებ: აქ „ბონდზეა“ ლაპარაკი, თორემ სხვა სიგარეტებს დიდი მოგებით ყიდის.
- „ფილიპ მორისმა“ მაინცდამაინც „ბონდის“ ფასი იმიტომ დასცა, რომ ქართული კომპანიები მსგავს პროდუქტს აწარმოებენ. სწორად გავიგე, არა?
- რა თქმა უნდა.
სხვათა შორის, იგივე კონკურენციის სააგენტოს კვლევიდან ჩანს, რომ 2013 წელს ქართულ ბაზარზე 65 პროცენტი იმპორტირებულ სიგარეტს ეკავა, ადგილობრივს კი - 35%. 2014 წელს ეს 35 პროცენტი 28-მდე შემცირდა, 2015 წელს ქართული პროდუქციის წილი 16 პროცენტამდე ჩამოვიდა, 2016-ში კი - 6%-მდე. 2015 წლის ბოლოს, როცა უკვე გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა და ამ ფასებს კონკურენციას ვეღარ ვუწევდით, სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ.
- თუკი იმპორტიორები წესების გარეშე გებრძოდნენ, თქვენც ამ გზას რატომ არ დაადექით?
- თუ ადამიანი თქვენს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, დანაშაულზე დანაშაულითვე კი არ უნდა უპასუხოთ, არამედ, ან სასამართლოში უნდა წახვიდეთ ან პოლიციაში. ისე, დემპინგი ისეთი დანაშაული არაა, რის გამოც ადამიანს ციხეში სვამენ.
- აბა, ეს დანაშაული რა სასჯელს ითვალისწინებს?
- ყველაზე დიდი სანქცია ჯარიმაა, მაგრამ ესენი ისეთი მონსტრი კომპანიები არიან და იგივე ამ დემპინგით ისეთი დიდი მოგება აქვთ, რომ ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ.
- მოკლედ, ბატონო გიგა, დემპინგი ადგილობრივ, ამ შემთხვევაში, ქართულ წარმოებას კლავს?
- დიახ. ხომ ხედავთ, იმპორტიორების წილი ბაზარზე 65-დან 94 პროცენტამდე გაიზარდა.
- მაშასადამე, იგივე „ფილიპ მორისი“ იმპორტიორია და არა - ინვესტორი?
- არავითარი ინვესტორი. ინვესტორი ისაა, ვინც ქვეყანაში რამე კაპიტალდაბანდებას ახდენს, მაგრამ „ფილიპ მორისის“ კაპიტალდაბანდება რა არის? - მთლიანად იმპორტირებული პროდუქცია შემოაქვს და აქედან ვალუტა გააქვს, ანუ მთელი მისი მოგებაც, საბოლოო ჯამში, საზღვარგარეთ მიდის.
- ესე იგი, დემპინგის მთავარი პრობლემა ისაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ადგილობრივი წარმოება კვდება?
- რასაკვირველია, ასეა. ამ მტაცებლური ფასებით ქართული წარმოება კვდება და რამდენიმე ასეული ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება! ისე, წარმოება მხოლოდ ხალხს კი არ ასაქმებს, არამედ, ხელს ვალუტის სტაბილურობასაც უწყობს, რადგან ქართული კომპანიების მიერ ნაწარმოები პროდუქცია ექსპორტზეც გადის, მაგრამ თუკი გავკოტრდებით, აღარც ექსპორტი იქნება. ამასთან, მხოლოდ „თბილისის თამბაქოს“ გაკოტრების შემთხვევაში, სამსახურს 500 ადამიანი დაკარგავს.
- ბატონო გიგა, ასეა თუ ისე, მაინც ვერ გავიგე, „ფილიპ მორისმა“ კონკურენციის სააგენტოს კვლევა სასამართლოში მტკიცებულებად რატომ წარადგინა?
- რატომ და, - ამ კვლევის დასკვნითი ნაწილი მოეწონა, სადაც ნათქვამია, ორჯერ ორი ხუთიაო, ანუ დასკვნაში პირდაპირ წერია: „რიგ ეკონომიკურ აგენტებს გამოეკვეთათ პროდუქციის თვითღირებულებით ანდა ნაკლებ ფასად რეალიზაციის ტენდენცია. ეს ფაქტი თვისობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში დღევანდელ კანონმდებლობასთან, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რაც სამართლებრივ დონეზე დაარეგულირებს მსგავს ფაქტს. უფრო მეტიც, მსგავსი მიდგომა მომხმარებლის გადმოსახედიდან, მოკლევადიან პერსპექტივაში, მისაღებიც კი შეიძლება იყოს, რადგან მისთვის საჭირო პროდუქტს შედარებით მომგებიან ფასად შეიძენს, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ხსენებული წარმოადგენს საშიშ ტენდენციას, რადგან ისეთი კომპანიები, რომლებიც ძლიერ რესურსებს ფლობენ, თამბაქოს ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, შეეცდებიან, აღნიშნული ფაქტორი საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ“. როგორც ჩანს, ფრაზა - „ეს ფაქტი თვისობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში დღევანდელ კანონმდებლობასთან“- მოეწონათ, მაგრამ ეს დასკვნა ნონსენსია.
- შეიძლება, კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი ზიანი ადგება, კომპანიას, როგორც ვიცი, უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს...
- დიახ, ჩვენც სწორედ ამ გზით წავედით. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ამბობს, ვინც თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან უმოქმედობით სხვა პირს ზიანს მიაყენებს, ვალდებულია, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროსო.
- რა ამის პასუხია, ბატონო გიგა და, ოპონენტები სასამართლოში შესაძლო კორუფციაზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებენ, რომ დემპინგური ფასების ყველა ქეისი ერთი და იმავე მოსამართლემ განიხილა.
- ასეთი განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან სასამართლოში ე.წ. სპეციალიზაცია არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის დავები, როგორც წესი, ერთსა და იმავე მოსამართლეს ეწერება ხოლმე. მაგალითად, სამეწარმეო დავა შეიძლება, სამმა, მაქსიმუმ, ოთხმა მოსამართლემ განიხილოს, საოჯახო ტიპის დავებიც ასეა. დემპინგთან დაკავშირებით კი ეს საქართველოს ისტორიაში პირველი დავაა. აქედან გამომდინარე, ეს დავები სხვადასხვა მოსამართლეზე ვერ განაწილდებოდა.
- შეიძლება, ზერელე შეხედულებაა, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ყველაფერ ამას პოლიტიკური ელფერი აქვს?
- დიახ, ოპოზიციური პარტიები ჩაერთვნენ.
- შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევიდა, ვიღაცები იმის დემონსტრირებას ხომ არ ცდილობენ, რომ საქართველოს, როგორც ევროპულ ოჯახში ახლადფეხშედგმულ ქვეყანას იმიჯი შეულახონ?
- არც უამისობაა, მაგრამ დემპინგს მხოლოდ ევროკავშირი კი არა, იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაც ებრძვის, რადგან დემპინგი ადგილობრივ წარმოებას კლავს და დასავლეთის ქვეყნებმა ეს ჩვენზე კარგად იციან, რადგან მრავალი ათეული წელია, საბაზრო ეკონომიკაზე არიან გადასულები. ამიტომ, ვინც ევროპაში ამ საქმეს ნახავს, არ გაუკვირდება და იტყვის, სწორად მოქცეულხართ, სასამართლოს რომ მიმართეთო, მაგრამ პოლიტიკური პარტიების ამოცანა, ამ შემთხვევაში, იაფფსიანი დივიდენდების დაწერაა. ისე, ოდესმე მოგისმენიათ, რომელიმე ოპიზიციურ პარტიას ეთქვას, კარგი სასამართლოაო? - ასეთ რამეს, როგორც წესი, არ ამბობენ, არადა, როგორ შეიძლება, სასამართლოს სულ უსამართლო გადაწყვეტილება გამოჰქონდეს?!
- მოკლედ, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, „ფილიპ მორისს“ ჯარიმის გადახდაზე მეტად ის აღელვებს, რომ მტაცებლურ ფასებზე სასამართლომ გაამტყუნა, არა?
- დიახ, არ უნდა, დაფიქსირდეს, რომ სიგარეტს დემპინგურ ფასად ყიდის, რადგან ეს მისი იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა, მაგრამ მაინც გარისკა და საქართველოში დემპინგური ფასები, ასე ვთქვათ, შემოიტანა და ეს ალბათ, იმიტომ გააკეთა, რომ „მესამე სამყაროს“ ქვეყნად ჩაგვთვალა. საერთოდ, ტრანსნაციონალური კომპანიები დემპინგს მხოლოდ სიგარეტზე კი არა, სხვა პროდუქციაზეც სწორედ ჩვენნაირ ქვეყნებში ეწევიან ხოლმე...
ნათია აბაშიძე
მასალის გამოყენების პირობები






