როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, ბოლო თვეებში სოფელში საწოლები რამდენიმე სახლიდან მოიპარეს.
გ. ხავთასი: "ჩემი სახლიდან ორი რკინის საწოლია წაღებული. დედაჩემი ავად არის, ლოგინადაა ჩავარდნილი და ეტყობა ვერც გაიგო როდის შევიდნენ სახლში და გაიტანეს საწოლები. მე ბათუმში ვმუშაობ და უმეტესად სახლში არ ვარ. მარტის დასაწყისიდან, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, მეზობლის სახლიდანაც მოიპარეს, ალბათ მერე მიაქვთ და აბარებენ. მოშივდა ხალხს რა ქნან? ყველაფრის ქურდობაზე არიან გადასულები"-გვითხრა ხავთასმა.
"გურიის მოამბე" მომხდართან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე, აღნიშნული სოფლის მკვიდრს დაუკავშირდა, რომლებიც ჩვენთან საწოლების გახშირებულ ქურდობებს ადასტურებენ:
"ძირითადად დაკეტილ სახლებში შედიან და იპარავენ. ზოგი თბილისშია საცხოვრებლად წასული, ზოგი სხვა ქალაქში მუშაობს. ვერ აქცევენ სახლს ყყურადღებას. ესენი შედიან და რისი გაყიდვაც შესაძლებელია, ყველაფერს იპარავენ. მეც მომპარეს საწოლის "სეტკა" ტავები ხის ჰქონდა საწოლს და დაულაგებიათ კუთხეში, რკინა წაუღიათ. ადრე იყო, სასაფლაოებიდან იპარავდნენ რკინებს, ლარნაკებს, ყვავილებსაც კი. ახლა სახლებში შემოდიან და გააქვთ ყველაფერი. ჩემთან ფანჯრიდან არიან შემოსულები“ -გვიყვება ადგილობრივი.
როგორც რესპონდენტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ქურდობის ფაქტები სხვა მიმართულებითაც გახშირებულია, სოფელში ადგილი ქათმებისა და წიწილების ქურდობასაც ჰქონდა.
,,ნიუპოსტი” ფაქტების გადასამოწმებლად შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრში აცხადებენ, რომ შეტყობინება მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით არ შესულა.
მასალის გამოყენების პირობები






