საქართველოს სახლხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს,სადაც ე.წ. მსომენების კანონზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში დატოვება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება:
„პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტების მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წლის 1 მარტს მიღებული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გატარების მიზნით, შეიქმნა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო“. მართალია, სააგენტოს ფორმალურად დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები აქვს, თუმცა იგი რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას.
ამასთან, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა. სახალხო დამცველი არაეფექტიანად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის – ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებას. შემოწმებას ატარებს ნდობის ჯგუფის მიერ შერჩეული ერთი წევრი, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კონტროლის მექანიზმში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მნიშვნელოვანი საფრთხის გამომრიცხავ გარანტიად. საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან“ დაკავშირებით. სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც.
საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა, მათ შორის, ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






