საქართველოს სახლხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზეა საუბარი. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობა აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში არასაკმარისია:
„2016 წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ან ხელყოფის მუქარის ფაქტები. რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ–გვერდებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობდნენ მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუდგენია აღნიშნული კადრების ინტერნეტ სივრცეში გამავრცელებელი ან მუქარის განმახორციელებელი პირები. ადეკვატური ზომები არ გატარებულა არც აგვისტოში გავრცელებულ წამების კადრებთან დაკავშირებით. ამ კადრების უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომობა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს.
საქართველოს სახალხო დამცველი არასაკმარისად აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში და მოუწოდებს მას, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






