ვენეციის კომისიამ თბილისში საქმიანი შეხვედრები დაასრულა, კომისია დასკვნას რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. ვენეციის კომისიის მიერ გამართული შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო. ვენეციის კომისიის წევრების თქმით, შეხვედრების ფარგლებში კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები არ გამოთქმულა.
„ჩვენთან შეხვედრაზე არ დასმულა რაიმე მწვავე საკითხი. განსაკუთრებით ხშირად მეკითხებიან ხოლმე პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით და საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. უფლებამოსილებებზე ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია, როდესაც ჩვენგან მიიღეს დამატებითი განმარტება, რა იცვლება კონკრეტულად, მოიხსნა კითხვები სრულად,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
ოპოზიციის რიგებში შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეხვედრის ფარგლებში საუბარი ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიაში მომუშავე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო სისტემა, აქ ორი მიმართულებით არის პრობლემები, ერთი გახლავთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ არჩევის საკითხი, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები. მოდელი, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს არის ცვლილება ცვლილებისთვის,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






