საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი - ოპოზიცია აღნიშნულს გაუმჭვირვალედ აფასებს და მიაჩნია, რომ ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს და შენიშვნებს არ იზიარებს.
„ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მთელს ამ პროცესში არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. შეცვლა იმგვარი სისტემით, რომელიც არ იქნება მორგებული ხელისუფლების ინტერესებზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის თემა, მისი არჩევის წესი,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო არჩევნები მთავარ შეუთანხმებელ საკითხებად რჩება. შეუთანხმებელია ბლოკების გაუქმებისა და მანდატების განაწილების საკიტხიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აცხადებენ, რომ ძირიტად საკითხებზე ხელისუფლება უკვე შეთანხმებულია და ისინი კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობენ:
„არ ხდება გამჟღავნება საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმ ძირითადი საკითხების, რომელზეც უკვე შეთანხმებულია უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაფერი არის ფიქცია და მათი მთავარი მიზანი არის არა რეალური ცვლილებების განხორციელება, რომელიც ქვეყანას გამოადგება, არამედ მათ მთავარი მისია და მიზანია საკუთარ თავზე მოირგონ კონსტიტუცია,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
არასაპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვერსია არ მიუღიათ.
უმრავლესობის რიგებში ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებენ:
„არ არის სწორი ის, რომ რაიმე ფუნდამენტურად განსხვავებული დოკუმენტი მიეწოდა ვენეციის კომისიის წევრებს. ეს ასე არ ყოფილა, არის ის დოკუმენტი, რაზეც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში დისკუსია გვქონდა კომისიის ფარგლებში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






