„ოპოზიცია ითხოვს დებატებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დებატები გაუგებარი ფორმა არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის.“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, მარგველაშვილთან პირადი დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. წიკლაურის განცხადებით მმართველი გუნდი ცდილობს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში უმნიშვნელო მოვლენად აქციოს და სწორედ ამ მიზეზით ამბობს უარს დებატებზე:
„ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ პრეზიდენტის მოსვლა იყოს არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ ყველანაირად დაამსხვრიოს მნიშვნელობა მისი მისვლის. მათ აქვთ რაღაც პიროვნული ვენდეტის მსგავსი, ჩემი აზრით ივანიშვილის დავალებით მარგველაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ვენდეტის განხორციელების დროს ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა აზარალებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ქართული ოცნება ცდილობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მიაფუჩეჩოს:
„საყოველთაოდ ცნობილია ქართული ოცნებისა და ივანიშვილის ნეგატიური დამოკიდებულება მარგველაშვილის პერსონის მიმართ. ისინი შეეცდებიან რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ პრეზიდენტს, ჩვენ შევეცდებით დავაყენოთ პარლამენტში საკითხი, რომ გაიმართოს სრულფასოვანი პოლიტიკური დებატები. ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და ის არ ჩატარდეს პოლიტიკური დებატების რეჟიმში. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მედიაპლურალიზმს, პირველი ამოცანა იქნება ჩვენი, ყურადღება გავამახვილოთ ეკონომიკაზე“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






