გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ რუსეთის ქმედებების დაგმობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიგებიდან ეხმაურებიან. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია არის პრინციპული.
ოპოზიციის რიგებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობს.
„საერთაშორისო ორგანიზაციებში აღარ ისმის საქართველოს ხმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით და ძირითადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აქტიურობენ ამ კუთხით,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
ისინი ასევე ამბობენ, რომ დრო დაიკარგა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისთვის ფასის გადახდა აქტიურად მოეთხოვა.
„რუსეთის თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცება, გადასასვლელების დახურვა, რეფერენდუმების ჩატარება, ეს გამოწვეულია იმით, როდესაც საქართველო პასიურობს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ თუ არის ასეთი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ახლა ვხედავთ და რომლის არყოფნას განვილი წლების განმავლობაში ვხედავთ, ბუნებრივია რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






