არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში.
მიუხედავად ამისა, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოისმინონ ოპოზიციის წინადადებები და განიხილონ ალტერნატიული ვარიანტები.
„ყველა თანხმდება იმაზე, რომ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი. გაუნაწილებელი მანდატების ან მცირედი უპირატესობის მიცემა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი, ხოლო ბლოკების შეზღუდვა არის იმისთვის, რომ განვითარდეს პარტიული სისტემა,“-განმარტავს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
საპარლამენტო ოპოზიცია კი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას მოჰყვეს. მათთვის ასევე მიუღებელია ცვლილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების გაუქმებას და ამომრჩეველთა ხმების ახლებურად გადანაწილების მოდელს ეხება.
„ძალაუფლება არის თავმოყრილი ისედაც ივანიშვილის ხელში, ამ ფონზე კიდევ გაუქმება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაასუსტებს ქართულ დემოკრატიას,“-აცხადებს ოთარ კახიძე.
პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დასუსტებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში.
„საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა, რაც გულისხმობს პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევას, უნდა დარჩეს ძალაში და მოქალაქეებს არ უნდა ჩამოერთვათ კონსტიტუციური უფლება პირდაპირი გზით აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






