სასტუმრო "რედისონში" საერთაშორისო კონფერენცია "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.
კონფერენციაში ირაკლი კობახიძის გარდა საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.
კონფერენცია კონსტიტუციური რეფორმას შეეხება და ძირითადად სამ საკითხს განიხილავენ: პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი; პარლამენტის საარჩევნო სისტემა; ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და საპარლამენტო ზედამხედველობა.
როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ქარიზმატული ფიგურა არ უნდა იყოს“.
“უცნაური არგუმენტაცია მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, თუ რატომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი. საუბარი იყო იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული. ის შედარებით უფრო აკადემიური ფიგურა უნდა იყოს და ზოგადად პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში და არა მოსახლეობაში და საჯაროდ. საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ქვეყანაში ვითარებას და რომ სოფელ-სოფელ სიარული არ სჭირდება პრეზიდენტის არჩევას, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებები გააჩნია, რომ თურმე მოსახლეობას ვერ აუხსნის რაშია საქმე და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი. სამწუხაროა, რომ ასეთი არგუმენტებით ცდილობენ მოსახლეობისგან თავის არიდებას და მათთვის ძირითადი უფლების პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების წართმევას” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში კი აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობის ძირითადი მიზეზი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა.
„ვგულისხმობთ არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას გაცილებით უფრო პროგრესული, სამართლიანი საარჩევნო სისტემით, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე არ იქნება მორგებული.
გარდა ამისა ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის უფლება-მოსილების შემცირება და პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით“- განაცხადა ტუღუშმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი ერთობა საქართველოს” წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ „პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი, არჩევნები არის პოლიტიკასთან დაკავშირებული და ის დიახაც უნდა იყოს პოლიტიზებული”.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებული არ არის "ქართული ოცნებიდან" და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ თურმე არჩევნები არის პოლიტიზირებული. ეს სასაცილოა, როგორც მან ხაზი გაუსვა აკადემიური პრეზიდენტია საჭირო. ეტყობა პარლამენტის თავმჯდომარეს ეშლება ერთი რაღაცა, ის ვერ ითავისებს, რომ პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, ის არის პოლიტიკური ფიგურა და ყველა არჩევნები არის პოლიტიკა. არჩევნების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. ვწუხვარ რომ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი არგუმენტი აქვს ხელისუფლებას დღეს"- განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა პაატა დავითაიამ.
განცხადება გააკეთა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა ამ შეხვედრაზე.
"ჩვენ შევეცადეთ, ამ დისკუსიაზე დაგვეძახა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის. ამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ საქართველოს პრეზიდენტი ან პრეზიდენტის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი, ლატვიის პრეზიდენტი არის ჩამოსული, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა ამ შეხვედრაზე, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე ის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.
მასალის გამოყენების პირობები






