ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლაურა კუპერმა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ავღანეთში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა გადასროლისწინა წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები






